შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას, რის შედეგადაც, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სამინისტროს თანამშრომლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარასა და ქვემო ქართლში, ჯამში, ნახევარ კილოგრამზე მეტი სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, მათ შორის: 589,86 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება, 191 აბი „სუბოქსინი“, 18 აბი „მდმა“, 437 აბი „ექსტაზი“, 179 აბი „ბუპრენორფინი“, 10 აბი „მეტადონი“, 1 შეკვრა ოპიუმი და სხვა. ნარკოდანაშაულისთვის 20 პირია დაკავებული, მათ შორის - 5 ნარკორეალიზატორი. დაკავებულთა შორის, უცხო ქვეყნის 8 მოქალაქეა.
მათ მიერ ჩადენილი, სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის თურქეთის 3 და უზბეკეთის 1 მოქალაქე დააკავეს.
პოლიციამ ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ მოქალაქისთვის მიყიდული 10 აბი „ექსტაზი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. მისი პირადი და დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია 427 აბი „ექსტაზი“.
სამართალდამცველებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, დააკავეს მათთან კავშირში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის სხვა მოქალაქე და უზბეკეთის 1 მოქალაქე, რომელთა პირადი და დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 164 აბი „ექსტაზი“ ამოიღეს. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება გრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებული ძალისხმევით ებრძვის ნარკორეალიზატორებს და ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევამციროთ ნარკოტიკის გავრცელება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დადგინდა, რომ დაკავებულებმა 26 ათასი ამერიკული დოლარის გამოძალვის მიზნით, სოფელ ართანაში მცხოვრებ პირს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.
სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი დაკავებულის ავტომანქანის და პირადი ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები ამოიღეს.
გამოძიება გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე მიმდინარეობს.
სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 თებერვალს თბილისში, კაზინო „აჭარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით დაჭრა ერთი პირი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
გუშინ თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში, მოქალაქე ცივი იარაღის მუქარით ყაჩაღურად თავს დაესხა მოლარე-ოპერატორს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად განაგრძობს პრევენციულ ღონისძიებებს და დანაშაულის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას.