ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, აბასთუმნის მიმდებარედ, შერეული ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს 1000-ზე მეტი თანამშრომელი. გაიჭრა 5 კილომეტრამდე გზა. ხანძრის კერებთან შეყვანილია ათეულობით ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.
ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოებში, გამთენიიდან ჩართულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის, ასევე, კომპანია „თუშეთის“ ვერტმფრენები. დღის მეორე ნახევარში, ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო უკრაინული თვითმფრინავი და აზერბაიჯანის ვერტმფრენი. საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკვე გადმოკვეთა დახმარების მიზნით გამოგზავნილმა თურქეთის 1-მა ვერტმფრენმა. ხვალ თურქეთის რესპუბლიკა დამატებით კიდევ ერთ ვერტმფრენს და სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავს გამოყოფს.
საერთო ჯამში, აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ცოცხალ ძალასა და ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკასთან ერთად, ჩართული იქნება 7 ერთეული საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.
საგანგებო შტაბი ადგილზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.