საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცველ უწყებასთან. სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფრანგ კოლეგებთან ერთად საქართველოს მოქალაქეები, საფრანგეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების 8 წევრი პარიზში დააკავეს. დაკავებულებს კრიმინალური დაჯგუფების წევრობა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობა და ნაქურდალი ნივთების შენახვა ედებათ ბრალად.
ქართველი და ფრანგი სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ გასული წლის მარტიდან დღემდე, დანაშაულებრივი დაჯგუფების ქართველმა წევრებმა საფრანგეთში ქურდობა მრავალჯერ ჩაიდინეს. დაკავებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას მობილური ტელეფონები, პორტატიული კომპიუტერები, ოქროს ნივთები, სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, ქართული და ფრანგული საბანკო ბარათები და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. დგინდება, რომ ჯგუფის წევრებს კავშირი ჰქონდათ 2017 წლის ნოემბერში პარიზში დაკავებულ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან. აღნიშნული დაჯგუფების მიერ მოპარული ნივთების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის ნაწილით ე.წ. „ქურდული საერთო“ ივსებოდა. გამოძიება საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით მიმდინარეობს.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გახსნილ საქმეები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, რომლის შედეგადაც, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.
რამდენიმე დღის წინ, სამართალდამცველებმა ირანის რესპუბლიკის ოთხი მოქალაქე თბილისში დააკავეს, მათგან 1.5 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ და დიდი ოდენობით ,,მეტადონი“ ამოიღეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნარკოტიკული საშუალება ირანიდან საქართველოში შემოიტანეს.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 13 პირი მათ შორის - 6 ნარკორეალიზატორი, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. მათი უკანონო საქმიანობის გამოვლენის და დაკავების მიზნით თბილისში, ფონიჭალაში, გარდაბანსა და მარნეულში ჩატარდა სპეციალური ოპერაციები.
შედეგად, ამოღებულია 1,5 კილოგრამზე მეტი „ჰეროინი“, 81 აბი „მდმა“, 50 ფირფიტა ე.წ. „ბიო“ და სხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად ებრძვის ქურდულ სამყაროს და მხოლოდ ბოლო თვის განმავლობაში, ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი, 8 პირია დაკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, რომლითაც კიდევ უფრო ეფექტური ხდება ბრძოლა ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობის წინააღმდეგ, მკაცრდება სასჯელი და დანაშაულად ცხადდება მთელ რიგი ქმედებები, რომლებიც აქამდე სისხლის სამართლის წესით არ ისჯებოდა.
სამართალდამცველებს კონტროლზე ჰყავთ აყვანილი ყველა პირი, რომელსაც შეიძლება კავშირი ჰქონდეს ორგანიზებულ დანაშაულთან.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თითქოსდა უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქე პ.უ. ქურდული სამყაროს წევრია, არის მცდარი! სამართალდამცველებთან გასაუბრების შედეგად, მან თავად განაცხადა, რომ არ არის ე.წ. კანონიერი ქურდი. ამ კონკრეტულმა პირმა უკვე დატოვა საქართველო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ოპერატიული მოქმედებების შედეგად, თბილისში, სამეგრელოში, შიდა ქართლში, იმერეთსა და გურიაში ყაჩაღობის 5 ფაქტი გაიხსნა. გარდა ამისა, იმერეთში გახსნილია ჯგუფური ყაჩაღობის 1 ფაქტი და ყაჩაღობის მომზადების 1 ფაქტი. კერძოდ, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი, რომლებიც ფულისა და ძვირფასეულობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქუთაისში საცხოვრებელ სახლში შეჭრას და ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდნენ, თუმცა სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, განზრახვა ვერ განახორციელეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებულია: ნიღბები, გადაჭრილი თოფი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები. გამოძიება ყაჩაღობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გახსნილია ქურდობის ფაქტები და ქურდობის 8 ფაქტზე დაკავებულია 9 პირი, კერძოდ: იმერეთში - 2, აჭარაში - 2, ხოლო შიდა ქართლში - 5. იმერეთში კი პოლიციამ ქურდობის ერთი ფაქტი აღკვეთა და 3 პირი მაშინ დააკავა, როდესაც ისინი ბინიდან ნივთების მოპარავას ცდილობდნენ. თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქის გაძარცვის ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. აჭარაში ქურდობისთვის დაკავებულ ორ პირს ბათუმში, ქობულეთში და ხელვაჩაურში საცხოვრებელი სახლების ქურდობის არაერთ ფაქტში ედებათ ბრალი.
სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით, თბილისში, სომხეთის 2 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები რკინიგზის სადგურზე არსებული „ოქროს ბირჟის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყალბ ოქროს ზოდებს ყიდიდნენ. პოლიციამ აღნიშნული პირები მაშინ დააკავა, როდესაც ისინი სხვადასხვა მეტალის შემცველ ნაკეთობებს უმაღლესი სინჯის მქონე, 100 გრამიან ოქროს ზოდებად ასაღებდნენ და მის რეალიზებას მოტყუებით ცდილობდნენ. ერთი ზოდის საბაზრო ღირებულება 10 000 ლარზე მეტს შეადგენდა. ნივთმტკიცებად ამოღებულია ყალბი ოქროს ერთი ზოდი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას და დანაშაულის თითოეულ ფაქტს ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება.