შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული გ. ა., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20 მაისს ქალაქ თელავში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით, 1992 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ა. თელავში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.