უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში - გვარა, მუხაესტატე, ლეღვა, წყავროკა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ადმინისტრაციულ ერთეულებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფენ.
საკარანტინო პირობები და სპეციალური რეჟიმი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოქალაქეთა შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვასაც ითვალისწინებს. გვარას, მუხაესტატეს, ლეღვას და წყავროკას შემსვლელ და გამსვლელ, საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებში კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები განახორციელებენ.
გარდა ამისა, როგორც საკარანტინო ზონებში, ასევე, სპეციალურ გამშვებ პუნქტებში მოხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავენ და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარებიან.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას პოლიცია მარნეულის, ბოლნისის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებშიც უზრუნველყოფს.