შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შემუშავებული კანონპროექტები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგინა.
აღნიშნული კანონპროექტები დეპუტატებმა პირველი მოსმენით განიხილეს, კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესება და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია.
ალექსანდრე დარახველიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოვლენილი გამოწვევების გათვალისწინებით შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებები.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა სტატისტიკურ მონაცემებზე და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, დღემდე საქართველო გზებზე სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნად რჩება ევროპაში, რაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიან ღონისძიებებს საჭიროებს.
ალექსანდრე დარახველიძემ გზებზე სიკვდილიანობის ძირითად მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძირითადად ეს არის სიჩქარის გადაჭარბება და ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა.
მინისტრის მოადგილემ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ არსებული საკანონმდებლო ნორმების გადახედვის მიზეზები მიმოიხილა და დეტალურად განმარტა დაგეგმილი ცვლილებების აღსრულების მექანიზმები.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
ცვლილებების თანახმად:
• დასჯადი ხდება ე.წ. დრიფტი, რაც გულისხმობს ავტომობილის განზრახ მოცურებას/მოსრიალებას ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელებას. სანქციად წესდება ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 30 ქულით შემცირება.
დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, თუ ე.წ. დრიფტს მოჰყვება ზიანი. აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 35 ქულით შემცირებას.
• დასჯადი ხდება ჩამოწერის შედეგად აღრიცხვიდან მოხსნილი სატრანსპორტო საშუალების მართვა. აღნიშნულისთვის წესდება ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობის 30 ქულით შემცირდება.
• შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების და/ან კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური აღჭურვილობის და შეფერილობის ავტომანქანით გაცილების გარეშე არაგაბარიტული სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობისთვის სანქცია, ნაცვლად 100 ლარისა, იქნება ჯარიმა 1 000 ლარი, ხოლო თუ აღნიშნულ სამართალდარღვევას მოჰყვა ზიანი, 250 ლარის ნაცვლად, დაწესდება ჯარიმა 2 000 ლარი.
• სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, 150 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
• კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინებით სატრანსპორტო საშუალების მართვა, 50 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
• დასჯადი ხდება ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონე აღემატება დადგენილ ნორმატივებს. სანქციის სახედ წესდება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირება. პირველ ეტაპზე მოწესრიგდება საკანონმდებლო ჩარჩო, ხოლო შემდგომ მოხდება ხმაურის საზომი აღჭურვილობის შეძენა.
გარდა ამისა, აღმოიფხვრება ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის განისაზღვრება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების გამოქვეყნების წესი, რითაც შემცირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების ჩაუბარებლობის შემთხვევები.
ცვლილება ხორციელდება აგრეთვე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ, სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულია მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირება.