საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი.
აღნიშნული ცვლილებების თანახმად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში შეიქმნება მეხანძრე-მაშველთა სპეციალური სასწავლო ცენტრი. სასწავლო ცენტრი აღიჭურვება მეხანძრე-მაშველთა სწავლებისთვის საჭირო შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რაც უზრუნველყოფს მეხანძრე-მაშველთა სრულყოფილ მომზადებას და გადამზადებას.
დღეისთვის მეხანძრე-მაშველთა სწავლებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ახორციელებს.
გარდა ამისა, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა მეხანძრე-მაშველთა წახალისების ახალი ფორმები. კერძოდ, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის, წახალისების ფორმით, მეხანძრე-მაშველის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სამსახურის ჟეტონით დაჯილდოვება.
ასევე, მიღებული კანონით დარეგულირდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურში მიღებასა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.