შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა, მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში ,,ქალთა გაძლიერების ფორუმი 2021".
ქალთა გაძლიერების ფორუმი USAID/PROLoG-ის ორგანიზებითა და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით ჩატარდა.
ნინო ცაციაშვილმა ფორუმზე აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ქალთა უფლებების დაცვა და ქალების გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისაგან დაცვა, ასევე ისაუბრა სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ქალთა უფლებებს და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებს უკავშირდება ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა: ოჯახში ძალადობა, ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობა, სექსუალური შევიწროება, ბავშვობის ასაკში ქორწინება, რაც წარმოადგენს ქალებისა და გოგონების უფლებების სერიოზულ დარღვევას.
ნინო ცაციაშვილმა ამ მხრივ პოლიციისადმი მიმართვიანობის ტენდენციებსა და საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა სამინისტროს როლზეც და აღნიშნა, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, უწყებამ უნდა შეძლოს და ეფექტიანად მოახდინოს ქალთა უფლებების დაცვა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილა სამართალდამცველთა კვალიფიკაციის გაძლიერებაზე, ამ მიზნით ჩატარებულ და მიმდინარე სწავლებებზე.
ნინო ცაციაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ პარტნიორ და დონორ ორგანიზაციას, რომლებთან თანამშრომლობის შედეგადაც სამართალდამცველმა სისტემამ ხელშესახებ პროგრესს მიაღწია.