შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი შალვა ენუქიძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 54-ე შეხვედრას დაესწრნენ. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი დააყენეს: მხარეებმა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ გავლებული მავთულხლართების შედეგად გამოწვეული პრობლემები და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს დავით ბაშარულის გარდაცვალების საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გამოძიება დასრულებულია, ექსპერტიზის მასალები არის საგამოძიებო საქმეში, რომელსაც 2 კვირის განმავლობაში გარდაცვლილის მშობლებს გადასცემენ.
შეხვედრაზე ასევე შეეხნენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ პირების და რომან შიტიკოვის გაუჩინარების საკითხს. აღნიშნულთან დაკავშირებით მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ IPRM-ის მომავალ შეხვედრამდე მოხდება ოსურ მხარესთან იმ პიროვნებების შეხვედრა, რომლებიც ამ საკითხის შესახებ არიან ინფორმირებული.
მხარეებმა განიხილეს ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჯონჯოლის მოახლოებულ სეზონთან დაკავშირებით ე.წ. საზღვრის გამკაცრების საკითხი. ასევე ისაუბრეს საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მძიმე შეიარაღებული ტექნიკის უკანონო მოძრაობის შესახებ, რაც პირდაპირ უქმნის საშიშროებას ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას და სიმშვიდეს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 25 მაისს გაიმართება.