შინაგან საქმეთა მინისტრმა 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, 1992 წელს აფხაზეთის ომში დაღუპული, შსს-ს აკადემიის კურსანტების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. მინისტრთან ერთად ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, შსს-ს აკადემიის ხელმძღვანელები, მსმენელები და დაღუპული კურსანტების ოჯახის წევრები დაესწრნენ. შს მინისტრმა ქვეყნის წინაშე დაღუპული კურსანტების დამსახურებაზე ისაუბრა. გიორგი მღებრიშვილი დაღუპული კურსანტების ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა და საჩუქრები გადასცა.
შს მინისტრმა, სტუმრებთან ერთად, ღონისძიების ფარგლებში, შსს-ს აკადემიაში დაღუპული კურსანტების შესახებ წარმოდგენილი ფოტომასალა დაათვალიერა. 1992 წელს, აფხაზეთის ომის დროს, ქალაქ გაგრის მახლობლად, სოფელ კოლხიდასთან, უშიშროების უმაღლესი სკოლის 14 კურსანტი დაიღუპა.
შსს-ს აკადემიაში აფხაზეთში XX საუკუნის 20-იანი წლებიდან განვითარებული მოვლენების შესახებ საარქივო მასალებიც გამოიფინა. ასევე წარმოდგენილი იყო ჟურნალ „საარქივო მოამბის“ აფხაზეთის თემატიკაზე მომზადებული სპეციალური ნომერი და 1992 წლის აფხაზეთის ომის დოკუმენტური კადრები.