შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ძარიან ავტომობილებში მსოფლიო ჩემპიონატის დამფუძნებელსა და დირექტორს, მარჩელო ლოტის შეხვდა.
შეხვედრაზე TCR International-ის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების თაობაზე იმსჯელეს. მარჩელო ლოტის თქმით, ის მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მომავალი სეზონის ერთ-ერთი ეტაპი საქართველოში გაიმართოს. როგორც ჩემპიონატის დამფუძნებელმა აღნიშნა, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომმა: „ბევრ ევროპულ ქვეყანაში ტარდება ეს ჩემპიონატი, თუმცა, თქვენი ინფრასტრუქტურა ამ მხრივ მართლაც გამორჩეულია. ვფიქრობ, საქართველოში საუკეთესო გარემოა იმისთვის, რომ მსოფლიო დონის ჩემპიონატები ჩატარდეს. ეს ცნობილი ავტომწარმოებლებისთვისაც იქნება საინტერესო, რომ ადგილობრივ ბაზარზე მოახდინონ პოზიციონირება“, - განაცხადა მარჩელო ლოტიმ.
თავის მხრივ, გიორგი მღებრიშვილმა ჩემპიონატის დამფუძნებელს აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა: „შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სპორტის განვითარებას. მოხარული ვარ, რომ შსს-ს წარმომადგენელმა სპორტის ამ სახეობაში, რომელიც საქართველოში უკანასკნელ ხანს საგრძნობლად ვითარდება, მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა“, - აღნიშნა შს მინისტრმა.
შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი MIA Force პირველია ქვეყნიდან, რომელმაც ძარიან ავტომობილებში მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. შსს-ს სახელით მოასპარეზე, სპორტული კლუბის წევრი და შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახე - დათა ქაჯაია 2015 წელს ძარიანი ავტომობილებით რბოლაში ევროპის ჩემპიონი გახდა. წელს, ქართული ავტოსპორტის ისტორიაში პირველად, დათა ქაჯაია მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა.
მარჩელო ლოტიმ გიორგი მღებრიშვილს შეხვედრაზე მსოფლიო ჩემპიონატის თაობაზე დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა. უახლოეს მომავალში, იტალიური მხარე ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით კონკრეტულ პროექტს წარმოადგენს.
TCR International -ის ჩემპიონატი 2015 წელს დაფუძნდა და მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ავტოდრომებზე იმართება. ჩემპიონატი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის 130-მდე ტელეეთერით გადაიცემა და მას 860 მილიონ ოჯახზე მეტი უყურებს.