საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აჭარის რეგიონში ჩავიდა და შუახევის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. შს მინისტრი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს და შსს-ს მაშველების მუშაობას ადგილზე გაეცნო.
„გუშინდელი დღიდან მოყოლებული, 450 შეტყობინება შემოვიდა; 500–მდე მაშველი ახლაც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ქვეყნის მასშტაბით, მობილიზებულია 100 ერთეული ტექნიკა. რაც მთავარია, ადამიანური მსხვერპლი არ გვაქვს. ერთად დავდგებით და ყველა პრობლემას დავძლევთ,“ - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა სტიქიის ზონაში ყოფნის დროს.
8 ივლისს, უხვი ნალექის მოსვლისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 200 მაშველი და 20 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა აჭარის რეგიონში გადაუდებელ სამუშაოებში ჩაერთო. შსს-ს მაშველებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში დამეწყრილი სახლებიდან - ორი, ხოლო შუახევში - 5 ოჯახი გამოიყვანეს. სტიქიის შედეგად გარესამყაროსგან მოწყვეტილ სოფლებში მაშველები შემოვლითი გზებით მივიდნენ და ადგილზე პატრულირებენ, რათა, საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობას დახმარება გაუწიონ.