სტოკჰოლმში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შვედ კოლეგას, ანდერს იგემანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
გიორგი მღებრიშვილმა ანდერს იგემანს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, მათ შორის, ანალიზზე დაფუძნებული პოლიციისა და დნმ-ის ბანკის შექმნა, ასევე, ევროპოლთან თანამშრომლობის გაღრმავება.
ორი ქვეყნის შს მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება კრიმინალისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.
როგორც ანდერს იგემანმა აღნიშნა, იგი მიესალმება საქართველოს შს სამინისტროსთან ინტენსიური ურთიერთობების განვითარებას. „თანამშრომლობის შედეგად, ჩვენ შევძლებთ, დავძლიოთ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ჩვენს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრაც კონკრეტულ პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს“, - განაცხადა შვედეთის შს მინისტრმა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთი საქართველოს ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესის მხარდამჭერია.
თავის მხრივ, გიორგი მღებრიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არსებულ მჭიდრო საპოლიციო თანამშრომლობაზე. მისი თქმით, ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 15 ქვეყანასთან საქართველოს უკვე დადებული აქვს ხელშეკრულება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ. უახლოეს მომავალში მსგავსი ხელშეკრულების გაფორმება სხვა ქვეყნებთან, მათ შორის, შვედეთთანაც განიხილება.
ამასთან, როგორც გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, საქართველოს შს სამინისტრო სტოკჰოლმში პოლიციის ატაშეს წარგზავნას გეგმავს. „იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენმა უწყებამ პოლიციის ატაშეები წარგზავნა, ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის კლების ტენდენცია ფიქსირდება. შედეგი ყველასთვის აშკარაა. ჩვენ ვადასტურებთ მზაობას, კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა ნებისმიერ დონეზე, რათა მოვახდინოთ დანაშაულის არა მხოლოდ გამოვლენა, არამედ - პრევენცია. ყველაზე ეფექტური გზა ამისთვის ინფორმაციის გაცვლა და საპოლიციო თანამშრომლობაა“, - აღნიშნა საქართველოს შს მინისტრმა.
გიორგი მღებრიშვილი საქართველოს პირველი შს მინისტრია, რომელიც სტოკჰოლმში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა და შვედ კოლეგას პირისპირ შეხვდა.
შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა ანდერს იგემანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიიწვია.