შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შსს-ს მიერ აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში (United States Coast Guard Academy – USCGA) სასწავლებლად წარგზავნილ ორ ახალგაზრდას - ნიკოლოზ ტვილდიანს და სანდრო სტაჟაძეს შეხვდა.
გიორგი მღებრიშვილმა სტუდენტებს აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში ჩარიცხვა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შსს-ში დასავლური სტანდარტები დავამკვიდროთ, რისთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მაღალკვალიფიციურ კადრებს. ამაყი ვარ, რომ ჩვენს უწყებას საშუალება მიეცა, აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერით, მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში - აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში ორი ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდა წარგვეგზავნა, იმ პირობით, რომ სწავლის დასრულების შემდეგ ისინი თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდებიან და სამშობლოს ემსახურებიან, კერძოდ, შსს-ს სანაპირო დაცვაში იმუშავებენ. მე თქვენზე დიდ იმედს ვამყარებ და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სანაპირო დაცვის გაძლიერებაში თქვენს წვლილს შეიტანთ“, - განაცხადა შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა.
შს სამინისტრომ აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში მის მიერ შერჩეული კანდიდატები წელს პირველად წარგზავნა. ხელშეკრულების თანახმად, აკადემიის დასრულების შემდეგ, ისინი, სულ მცირე, 5 წლის განმავლობაში საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში იმსახურებენ.
სამინისტრომ აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში, სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტზე სასწავლებლად გ.ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებული, ნიკოლოზ ტვილდიანი და „მომავლის სკოლის“ კურსდამთავრებული, სანდრო სტაჟაძე შეარჩია.
წარსაგზავნი კანდიდატების შერჩევა, მათი მომავალი პროფესიის გათვალისწინებით, აკადემიური მოსწრებისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდა. შსს-ს აკადემიის კოორდინაციით, ასევე, ჩატარდა შერჩეული კანდიდატების ნორმატივების გამოცდა, რომელსაც აშშ-ს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (Office of Defense Cooperation - ODC) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.