გერმანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ფედერალური კანცლერის სამსახურის უსაფრთხოების, საგარეო და განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იოაჰიმ ბერტელეს და ევროპული პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ფრანც ნოიედერს შეხვდა.
შეხვედრას საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
გერმანულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველომ ყველაზე მეტ წარმატებას მიაღწია. იოაჰიმ ბერტელესა და ფრანც ნოიედერის თქმით, ვიზალიბერალიზაციის კუთხით, გერმანულ საზოგადოებაში არსებობს შიში ქვეყანაში არალეგალ მიგრანტთა დიდი ნაკადის შემოსვლის გამო, თუმცა, ეს საფრთხე არსებითად საფუძველსმოკლებულია.
საქართველოს შს მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს და განაცხადა, რომ ეს გზა შეუქცევადია. გიორგი მღებრიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობას კარგად ესმის ის სიფრთხილე, რაც გერმანიაში უსაფრთხოების კუთხით არსებობს. „სწორედ ამიტომ შევხვდი ყველა იმ ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრს, სადაც საქართველოს მოქალაქეებს დანაშაული აქვთ ჩადენილი. ჩემს კოლეგებთან საუბრისას, შევთანხმდით პრევენციული ზომების გამკაცრებაზე, ინფორმაციის ინტენსიურ რეჟიმში გაცვლაზე, შევიმუშავეთ კონკრეტული და დეტალური სამოქმედო გეგმა. ჩვენ ერთად უნდა ვებრძოლოთ მთავარ გამოწვევას - ორგანიზებულ დანაშაულს“, - აღნიშნა საქართველოს შს მინისტრმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძემ გერმანულ მხარეს განვითარების 4 პუნქტიანი სამთავრობო გეგმა გააცნო, რომელიც ქვეყანაში ძირეული ეკონომიკური პრობლემების აღმოფხვრასა და წინსვლაზეა ორიენტირებული. გერმანელ კოლეგებს მან საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს გაუმჯობესებული პოზიციების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.