საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბუნდესტაგში მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირის შინაგან საქმეთა საკითხებზე პოლიტიკურ სპიკერს შტეფან მაიერს შეხვდა.
შტეფან მაიერმა უაღრესად პოზიტიურად შეაფასა საქართველოს შს მინისტრის ვიზიტი გერმანიიის ფედერალურ მიწებზე და მისი გადაწყვეტილება, გაემართა მრავალმხრივი შეხვედრები როგორც მთავრობის, ასევე, პარლამენტის წარმომადგენლებთან. „თქვენი კონსტრუქციული მიდგომა იმ პრობლემებისადმი, რომელსაც საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე გერმანიაში ქმნის, უაღრესად დასაფასებელია. მჯერა, რომ ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებთან საქართველო კიდევ უფრო ინტენსიურად და ნაყოფიერად ითანამშრომლებს“, - განაცხადა ბუნდესტაგის პოლიტიკურმა სპიკერმა.
თავის მხრივ, გიორგი მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა საზღვრის ინტეგრირებული მართვის, არალეგალურ მიგრაციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით, ასევე, სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის განვითარების კუთხით მიღწეულ პროგრესს.
მხარეებმა აღნიშნეს გერმანიის პარლამენტის განსაკუთრებული როლი საკანონმდებლო და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერის პროცესში და ქვეყნებს შორის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.