საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, პაულა რისიკოს შეხვდა.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება სკანდინავიის ქვეყნებთან და, მათ შორის, ფინეთის რესპუბლიკასთან, საქართველოს შს სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.
თავის მხრივ, ფინეთის შს მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოსა და ევროპოლს შორის შეთანხმებას ოპერატიული და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. მისი თქმით, აღნიშნული შეთანხმება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
საქართველოს შს მინისტრმა ფინელ კოლეგას უწყებაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.
მხარეებმა საქართველოსა და ფინეთის შს სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს, მათ შორის, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციისა და სასაზღვრო უსაფრთხოების მიმართულებით.
ფინეთის შს მინისტრმა საქართველოს შს მინისტრი ჰელსინკში მიიწვია და მისგან თბილისში ოფიციალური მოწვევა მიიღო.