ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჯორჯიის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრს (GPSTC) ესტუმრა და უწყების ხელმძღვანელ ქრის ვიგგინტონს შეხვდა.
ქრის ვიგგინტონმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას ვიდეოპრეზენტაცია წარუდგინა და ცენტრის სტრუქტურა, სპეციფიკა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის კუთხით შემუშავებული სასწავლო პროგრამები დეტალურად გააცნო.
„აღნიშნული ცენტრი სასწავლო-საწვრთნელი ბაზაა, სადაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, მათ შორის, პოლიციის ოფიცრები, „911“-ის ცხელი ხაზის ოპერატორები, საგანგებო სიტუაციების მართვის მუშაკები და მაშველები შესაბამის მომზადებასა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს გადიან. სასწავლო ცენტრი 1980 წელს დაარსდა და 4 საგანმანათლებლო დანაყოფს აერთიანებს, კერძოდ: პოლიციის აკადემიას, მაშველ-მეხანძრეთა აკადემიას, საბაზისო მომზადებისა და სასწავლო პროგრამების განყოფილებებს“,- აღნიშნა ქრის ვიგგინტონმა. მისი განმარტებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრი 400-მდე ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული. არსებული ინფრასტრუქტურა და სასწავლო პროგრამები მაღალი დონის პროფესიონალების მომზადებას ითვალისწინებს, რომლებიც თეორიასთან ერთად, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ეუფლებიან.
შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრი დაათვალიერა და პრაქტიკულ გაკვეთილებში პირადად მიიღო მონაწილეობა.
„ჩვენს უწყებასა და ჯორჯიის შტატის სამართალდამცავ ინსტიტუტებს შორის მჭიდრო და ნაყოფიერი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრი ჩვენი თანამშრომლების გადამზადებაში დაგვეხმარა. სასწავლო ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში, ჩვენი ქვეყნის პატივსაცემად, ქართული პოლიციის კუთხეა მოწყობილი. ეს დიდი მხარდაჭერისა და თანადგომის გამოხატულებაა, რისთვისაც დიდი მადლობა მსურს გადავუხადო ბატონ ქრის ვიგგინტონსა და მის გუნდს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარებისა და ძლიერების საფუძველი - რაც შეიძლება მეტი მაღალკვალიფიციური კადრია. ამიტომ, ჩემი მიზანია საქართველოს პოლიციის აკადემიის რეფორმა და მისი გარდაქმნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, რეგიონალური მასშტაბის სასწავლო ცენტრად“, - აღნიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა.
აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ტრენინგების პროგრამის „ჯორჯია - საქართველოსთვის“ ფარგლებში, ორი ქვეყნის პარტნიორ უწყებებს - საქართველოს შსს-ს აკადემიასა და ჯორჯიის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. ერთობლივი პროგრამის საფუძველზე, GPSTC უზრუნველყოფს კურიკულუმების, სასწავლო მეთოდოლოგიებისა და ინსტრუქტორების გაცვლას. სასწავლო ვიზიტი ჰენრისა და ქობის ოლქებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეხმარა „112“-ის სერვისის ჩამოყალიბებაში, რომელიც ყოფილ საბჭოთა სივრცეში პირველი, აშშ-ს „911“-ის ექვივალენტია. ცენტრის პროფესიული სასწავლო პროგრამებისა და სამართალდამცავი ორგანოების მართვა-განვითარების სისტემების გაცნობამ, თავის მხრივ, წვლილი შეიტანა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რებრენდინგისა და შსს-ს აკადემიის განვითარების პროცესებში.