საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) ახლო აღმოსავლეთის რეგიონული ოფისის დირექტორს - კაილ უილიამსონს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი და აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის ატაშე საქართველოში.
მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ბოლო წლებში საქართველოს შს სამინისტროსა და აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციას შორის არსებული თანამშრომლობა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივაზე იმსჯელეს.
გიორგი მღებრიშვილმა კაილ უილიამსონს შს სამინისტროში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის 2016 წლის ანგარიშში, საქართველოს შსს-ს მიერ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოძიებების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს მაღალი შეფასება მიეცა.
როგორც კაილ უილიამსონმა აღნიშნა, საქართველოს შს სამინისტროსთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, 2016 წელს აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციამ (DEA) თბილისში, აშშ-ს საელჩოში ოფისი გახსნა და მუდმივი წარმომადგენელი - ატაშე დანიშნა.
საქართველოს შს მინისტრმა და DEA-ს ახლო აღმოსავლეთის რეგიონული ოფისის დირექტორმა, პროაქტიული გამოძიების გაძლიერების მიზნით შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შექმნილ ნარკოტრანზიტების განყოფილებაზეც ისაუბრეს, რომლის ანალიზის საფუძველზეც ნარკოტრანზიტის რამდენიმე მნიშვნელოვანი მარშრუტი გამოვლინდა.
გიორგი მღებრიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი ღონისძიებებისა და ტრენინგების მნიშვნელობა.