შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ბათუმში მე-14 საერთაშორისო კონფერენციის - „საქართველოს ევროპულ გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ გახსნას დაესწრო.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ენერგოკავშირის საკითხებზე პასუხისმგებელმა მაროშ შევჩოვიჩმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა.
ორდღიან კონფერენციაზე განიხილავენ ევროპული დღის წესრიგის მთავარ საკითხებს, მათ შორის, ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურას, ასევე, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებს და საქართველოს როლის მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.