საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, ვოლფგანგ სობოტკას შეხვდა.
გიორგი მღებრიშვილმა და ვოლფგან სობოტკამ სამუშაო სადილზე ორი ქვეყნის შს სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ავსტრიის კრიმინალური პოლიციის სამსახურებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და ამ მიმართულებით, პოლიციის ატაშეების მიერ შეტანილ წვლილი.
გიორგი მღებრიშვილმა ავსტრიელ კოლეგას საქართველოს შს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების კუთხით გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ინოვაციური პროექტის - „მოთხილამურე პატრულის“ ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში ავსტრიულმა მხარემ საქართველოს შს სამინისტროს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოუჩინა, მათ შორის, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების სამთო-სათხილამურო ტაქტიკური მომზადების სფეროში გადამზადების კუთხით.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს და ავსტრიის შესაბამისი უწყებები ასევე მჭიდროდ თანამშრომლობენ სპორტულ და კულტურულ მასობრივ ღონისძიებებზე უსაფრთხოების ზომების გატარებისა და საერთაშორისო საპოლიციო მისიებში (UN/EU/OSCE) მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებში.
გიორგი მღებრიშვილმა და ვოლფგანგ სობოტკამ საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მიმართულებაც განიხილეს.
ავსტრიის შს მინისტრმა საქართველოს შს მინისტრი ვენაში მიიწვია და მისგან საპასუხო ოფიციალური მოწვევა მიიღო.