ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ თბილისში, ჩაიკოვსკის ქუჩაზე მდებარე საარჩევნო უბანზე, საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ხმის მიცემის შემდეგ გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
„მე, პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში. თითოეული პოლიციელი დღეს მზად არის იმისთვის, რომ ჩვენ მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, საკუთარი არჩევანი გააკეთონ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი. რაც შეეხება ჩემ არჩევანს, სიმბოლურია, ალბათ, ჩვენ ხომ წელს აღვნიშნავთ 100 წლისთავს - პირველი რესპუბლიკის, ბოლო ასწლეულების განმავლობაში ერთადერთი და პირველი დამოუკიდებლობის გამოცდილებას. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, სულ უფრო მეტი კავშირი გვქონდეს ამ უდიდეს წარმატებულ გამოცდილებასთან. ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული, ჩვენი ლიდერები მაშინაც ამბობდნენ და იდეალად ასახელებდნენ სწორედ 18-21 წლების რესპუბლიკას და რა თქმა უნდა, ეს ისტორიული კავშირი დღეს, რომ აღსდგება და გაგვიხსნის გზას ევროპული, დამოუკიდებელი და რაც მთავარია, ერთიანი ქვეყნის მომავლისკენ, ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა და სიმბოლურად, ჩემი არჩევანიც ამასთან არის დაკავშირებული. კიდევ ერთხელ, ამით დავიწყე და ამით დავასრულებ, ყველა საპოლიციო ძალა დღეს მზად არის იმისთვის, რომ უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარდეს არჩევნები. ამ მიზნის მისაღწევად საპოლიციო ძალები გადაადგილდება იმ საჭიროებით, რა საჭიროებითაც ჩვენ ჩავთვლით აუცილებლად და საჭიროდ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.