შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას. ჩვენი ამოცანაა საპრეზიდენტო არჩევნების დღეს მშვიდი გარემოს შენარჩუნება, რათა ყველა მოქალაქეს მიეცეს საშუალება უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი.
10:00 საათის მდგომარეობით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და პოლიციის ინფორმაციით, რაიმე სერიოზულ სამართალდარღვევას ან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.
როგორც საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, რეგიონებში უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე, შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს რეგიონულ დანაყოფებს და უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მონიტორინგს. ამასთან, საჭიროებისამებრ ვახდენთ საპოლიციო ძალების გადაადგილებას რეგიონებს შორის, რათა შევინარჩუნოთ არჩევნების პერიოდში მშვიდი გარემო.
ამავე დროს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამშრომლობის მიზნით, სამინისტროში გამოყოფილი არიან შესაბამისი საკონტაქტო პირები, რომელთა შესახებ ინფორმაცია მათ უკვე მიეწოდათ.
სიტუაციის ეფექტიანი მართვის მიზნით, ცენტრალიზებულ დონეზე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც სრულ კოორდინაციაშია ადგილზე შექმნილ პოლიციის მობილურ ჯგუფებთან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის განმავლობაში დამატებით მოახდენს საზოგადოებს ინფორმირებას.