გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობის დროს დაფიქსირებული ინციდენტების შესახებ.
ამ ეტაპზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაციით, არჩევნები ყველა რეგიონში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
დაფიქსირდა პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებული, შესაძლო სამართალდარღვევის 29 ფაქტი, რომლებზეც მოხდა მყისიერი რეაგირება.
გადამოწმების შედეგად, 15 ფაქტი არ დადასტურდა ან არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს.
7 საქმეზე, სადაც განმცხადებლები მიუთითებდნენ ფიზიკური შეურაცხყოფის, მუქარისა და ნივთის დაზიანების შესაძლო ფაქტებზე, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით. მათ შორის, გამოძიება დაიწყო ბათუმში, მარნეულში, სიღნაღში, კასპში, სამტრედიასა და ახალქალაქში მომხდარ ინციდენტებზე.
ამასთან, მარნეულში მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს, კონფლიქტის მონაწილეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდარღვევის აღსაკვეთად ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს, რის გამოც სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთი წევრი და "ქართული ოცნების" ერთი წევრი. აღნიშნულ ფაქტზე, გამოძიების ფარგლებში ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
29 ფაქტიდან, დარჩენილ 7 ფაქტთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება. ვინაიდან შეტყობინების ინიციატორთა ნაწილი სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ახორციელებს სამსახურებრივ მოვალეობას, არჩევნების მიმდინარე პროცესისთვის ხელის შეშლის თავიდან ასაცილებლად, მათი გამოკითხვა და გარემოებების დაზუსტება მოხდება არჩევნების დასრულებისთანავე.
გვსურს, ასევე, გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმების საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე მოძრაობის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე არაერთხელ გააკეთა განცხადება, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი საპოლიციო ძალების მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილების შესახებ. პოლიციის თანამშრომლები უფლებამოსილებას ახორციელებენ კანონით დასაშვებ ფარგლებში და საარჩევნო უბნებისგან კანონით დასაშვებ რადიუსში, რათა მაქსიმალურად შეეწყოს ხელი არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებას. ამგვარი გადაადგილებები დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ამასთან, პოლიცია რეაგირებას მოახდენს და აღკვეთს სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტს. იძულების ღონისძიება გამოყენებული იქნება საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ყველა პირის მიმართ, განურჩევლად ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიისადმი მათი კუთვნილებისა.
რაც შეეხება, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტებს, პოლიციის მიერ მოხდება თითოეული ინფორმაციის გადამოწმება, რის შესახებაც კანონით დადგენილი წესით ეცნობება საქართველოს პროკურატურას.