შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
"მოგესალმებით, პატივცემულო თავმჯდომარე, მოგესალმებით პატივცემულო დეპუტატებო. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ შესაძლებლობისთვის, წარმოგიდგინოთ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე ჩვენი ხედვა, დღევანდელი სტატუსი და გეგმები, ძირითადად, წლის ბოლომდე, ასევე, წარმოგიდგინოთ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე, განსაკუთრებით, 12 მაისის ღონისძიების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია და დიდი სიამოვნებით ვუპასუხოთ ყველა იმ შეკითხვას ან კითხვის ნიშანს, რომელიც თქვენი მხრიდან იქნება დასმული. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ შესაძლებლობისთვის, რამეთუ ჩვენ, ჩემი გუნდი და შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვესაუბრებით არა მხოლოდ ჩვენს პატივცემულ დეპუტატებს, არამედ ჩვენს მოქალაქეებსაც. მოგეხსენებათ, მთავრობის დამტკიცების დროს ჩვენ აბსოლუტურად ღიად და ცხადად განვაცხადეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის, როდესაც იქნება ამის საჭიროება, გამოცხადდება პარლამენტში და წარმოადგენს თავის ხედვას კონკრეტულ თემებთან ან კონცეპტუალურ თემებთან დაკავშირებით. ჩვენ ვგეგმავდით, ასეთი შესაძლებლობა გამოგვეყენებინა 6 თვის თავზე, რამეთუ გვინდოდა, თქვენთვის წარმოგვედგინა და გვინდა, წარმოგიდგინოთ რეფორმების გეგმა, რომელსაც ჩვენ დავარქვით სისტემური განახლება. ეს რეფორმების სრული გეგმა გვინდა წარვუდგინოთ 31 მაისს, პოლიციის დღეს, პოლიციელებს და შემდგომ გეწვიოთ თქვენ, რა თქმა უნდა, თუ თქვენი მხრიდან ინტერესი იქნება დადასტურებული და კიდევ უფრო დეტალურად გაგაცნოთ ის გეგმები, რომლებსაც ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2018 წლის განმავლობაში.
ახლა მინდა, ორიოდე სიტყვით, კონცეპტუალურად მოგახსენოთ ამ გეგმების შესახებ. მოგეხსენებათ, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა ჩვენს ქვეყანაში არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ამოცანა. საზოგადოების მხრიდან უსაფრთხოებაზე, მართლწესრიგსა და საპოლიციო სერვისებზეც მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ეს გასაგებია, რამეთუ ჩვენს რეგიონშიც და ქვეყანაშიც გამოწვევები იზრდება და ისინი უფრო მრავალფეროვანი ხდება. აქედან გამომდინარე, ამ გამოწვევების საპასუხოდ, სამინისტროში შემუშავებულ იქნა სისტემური განახლების სამოქმედო გეგმა, რომელიც სამ მიმართულებას მოიცავს. ეს გახლავთ სტრუქტურული რეფორმები, შინაარსობრივი რეფორმები და საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა. თითოეული მათგანი მოიცავს კონკრეტულ გეგმას, მაგალითად, სტრუქტურული რეფორმების ძირითადი კომპონენტები ეს არის კრიმინალური პოლიციის რეფორმა, საპატრულო პოლიციის რეფორმა, საზღვრის ინტეგრირებული მართვა და ადამიანის უფლებების კომპონენტის დაცვის გაძლიერება ცენტრალურ აპარატში. თითოეულ კომპონენტზე მე უფრო დეტალურად მოგახსენებთ, ცოტა მოგვიანებით. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, რა თქმა უნდა, აქ ცოტა უფრო მძიმე გამოწვევები გვაქვს და უფრო მეტი დრო დაგვჭირდება, თუმცა აქაც აშკარად გვაქვს გამოკვეთილი ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც პრინციპულად მნიშვნელოვანია: ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა, რაც უნდა გახდეს პრევენციის ყველაზე სერიოზული ინსტრუმენტი; რა თქმა უნდა, ტექნოლოგიები, რამეთუ დღეს ჩვენი პოლიცია, სამწუხაროდ, ტექნოლოგიური დონით ჩამორჩება იმ საერთაშორისო, აღმოსავლეთ ევროპის ნორმებს, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ დანაშაულთან ბრძოლა იყოს უფრო ეფექტიანი; ასევე, ადამიანური რესურსების მართვა - ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რამეთუ სისტემა გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და აქ მოსულ ადამიანს უნდა ჰქონდეს სოციალური გარანტიები, ასევე, ვერტიკალური ზრდის მკაფიო საშუალებები, რათა მან შეძლოს თავისი ცხოვრების დაგეგმვა და სისტემაში კარიერული ზრდა. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც არის კონცენტრირებული ჩვენი, 2018 წლის გეგმა.
მინდა, რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ კრიმინალური პოლიციის კომპონენტის შესახებ - ეს გახლავთ სამართალდამცავი სისტემის და კრიმინალთან ბრძოლის ხერხემალი. სამწუხაროდ, კრიმინალური პოლიციის დღევანდელი მდგომარეობა საკმაოდ რთულია. რამდენიმე მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: დღეს ამ ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დეპარტამენტში უბრალოდ არ არსებობს სპეციალიზაცია, ფაქტობრივად, თანამდებობრივი პოზიციები, როგორიც არის უბნის ინსპექტორი, ოპერ-თანამშრომელი, გამომძიებელი, თითქმის არის მხოლოდ და მხოლოდ დასახელება და გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ სახელფასო გრადაციისთვის. შინაარსობრივი სპეციალიზაცია ამ დასახელებების უკან არ არის, ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ რაც გავაკეთეთ, არის ის, რომ დღეს კრიმინალურ პოლიციაში ხდება სპეციალიზაციის მკაფიო გამიჯვნა. ცალკე გამოიყო საგამოძიებო კომპონენტი და უკვე დავიწყეთ ტესტირება ამ მიმართულებით. საკმაოდ კარგი მონაცემები გვაქვს და უახლოეს პერიოდში მოგახსენებთ ამ მონაცემების შესახებ. რაც ყველაზე მთავარია და რისიც ყველაზე დიდი იმედი გვაქვს, ეს არის ე.წ. უბნის ინსპექტორი, რომელსაც უახლოეს პერიოდში წარმოგიდგენთ უკვე ახალი სახელით და ახალი, განახლებული ფუნქციებით - ეს გახლავთ უბნის ოფიცერი. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე შექმნილი გვაქვს მათი კონკრეტული სამოქმედო გეგმა. თბილისის მასშტაბით, ჩვენ ასეთ პოზიციაზე გვჭირდება 365 ადამიანი, 80 ადამიანის მომზადება უკვე დაწყებულია. 10 ივნისიდან გამოცხადდება ღია კონკურსი, საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომელთაც საშუალება ექნებათ, მიიღონ ამ პოზიციებზე, ვაკანტურ ადგილებზე კონკურსში მონაწილეობა. ჩვენ ვთვლით, რომ უბნის ინსპექტორი ეს არის ძირითადი კომპონენტი კრიმინალური პოლიციისა, რომლის საფუძველზეც უნდა შეიქმნას ანალიზზე დაფუძნებული და დამყარებული საპოლიციო მომსახურება, საპოლიციო სერვისები და იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება ძალზე მოთხოვნადი პოზიციები. ამისთვის ჩატარდება სპეციალური საპრომოციო აქციები და ეს ყველაფერი დაიწყება 10 ივნისიდან.
კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, ეს გახლავთ საზღვრის მართვა. მოგეხსენებათ, რომ საზღვრის მართვა, განსაკუთრებით, სახმელეთო ნაწილში, ეს არის საკმაოდ რესურსული და რთული ამოცანა, განსაკუთრებით, ჩვენს გეოგრაფიულ პირობებში, ამიტომ, ამ მიმართულებით, აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობთ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარების დიდი იმედი. ამ დახმარებას ისინი გვიწევენ, როგორც ტექნიკურს, ასევე, მატერიალურს და დღეს ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვაუმჯობესებთ სახმელეთო საზღვრის კომპონენტში დაცვისა და უსაფრთხოების კომპონენტს.
ასევე, მინდა, სასაზღვრო კომპონენტზე გავაკეთო აქცენტი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, ჩვენ შევქმენით „ჯეიმოკი“ - ერთობლივი მართვის ცენტრი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ნატოსთან საპარტნიორო პროგრამებშიც. უახლოეს პერიოდში, ჩვენ დაგვემატება „აილენდის“ კლასის 2 ახალი გემი, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო სრულფასოვნად მივიღოთ შავ ზღვაში უსაფრთხოების წვრთნებში მონაწილეობა. იმის გარდა, რომ ეს არის ჩვენი სასაზღვრო კომპონენტის უსაფრთხოების გაზრდა, ასევე, არის ჩვენი მესაზღვრეების კომპეტენციის ზრდის ერთადერთი საშუალება. მე კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობის მეორე მხარეს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, რამეთუ ისინი სერიოზული რესურსებით გვეხმარებიან ამ მიმართულებით.
მოგეხსენებათ, რომ საპატრულო პოლიციაში რეფორმების ახალი ეტაპი დავიწყეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაფასებთ იმ მიღწევებს, რომლებიც ამ ქვედანაყოფში იყო, თუმცა ერთმნიშვნელოვნად მინდა ვთქვა, რომ მის „ბექ-ოფისში“ მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე, რადგან, ფაქტობრივად, ადმინისტრაციული პროცესების ავტომატიზება, როგორც ასეთი, საერთოდ არ არსებობდა. ალბათ, ჩვენს ყველა მოქალაქეს განუცდია ეს დისკომფორტი, როდესაც სხვადასხვა საბუთის გამო უწევდა სხვადასხვა ლოკაციებში - ე.წ. მეთორმეტე ოთახში და ა.შ. მოძრაობა. დღეის მდგომარეობით, ჩვენ შევქმენით მომსახურების ერთიანი სერვისცენტრი, სადაც ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ, ყველა ის სერვისი, რომელიც დაკავშირებულია საპატრულო პოლიციასთან, მიიღონ ერთ სივრცეში და უმოკლეს ვადაში. აქვეა განთავსებული მომსახურების სააგენტოს დესკიც. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საპატრულო პოლიციის ძირითადი ფუნქცია, რაც არის ჩვენი მოქალაქეებისთვის საპატრულო სერვისების მიწოდება, რაც შეიძლება კომფორტული იყოს.
ასევე, მინდა აღვნიშნო რამდენიმე პრინციპულად მნიშვნელოვანი თემა, რომლებიც ხარისხობრივად აუმჯობესებს როგორც მოქალაქეების მომსახურებას, ასევე, ჩვენი საპატრულო პოლიციის ინსპექტირების უსაფრთხოებას - ეს გახლავთ სამხრე კამერები. ამაზე ბევრი საუბარი იყო და ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ სამხრე კამერების გამოჩენა, რა თქმა უნდა, ეს იყო სწორი ნაბიჯი, თუმცა გარკვეული ტექნოლოგიური პრობლემები აქაც არსებობდა. ჩვენ ერთ მომენტში შევქმენით დიდი მოლოდინი, თუმცა შემდეგ ტექნოლოგიურ ნაწილში გაგვიჭირდა. დღეის მდგომარეობით, უკვე შევიძინეთ თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიების შესაბამისი სამხრე კამერები. მაგალითად, რაც ჩვენ აქამდე გვქონდა, მისი თანამიმდევრული ჩაწერის რესურსი გახლდათ, დაახლოებით, 40 წუთი. დღეის მდგომარეობით, ეს არის 9 საათი. შემდგომ, ამ ინფორმაციის მართვა ხდება სისტემატიზებულად, სერვერული ინფრასტრუქტურა არის გაძლიერებული, აბსოლუტურად უსაფრთხო, ეს ხდება მიმდინარე პროცესში, ცოცხალ რეჟიმში და ეს, რა თქმა უნდა, აუმჯობესებს როგორც პოლიციელის კონტროლს, ასევე, მის უსაფრთხოებას. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით კიდევ ბევრ ნაბიჯს გადავდგამთ.
გვინდა, ასევე, მოგახსენოთ რამდენიმე სიახლე, რომლებსაც ჩვენ ორშაბათიდან დავიწყებთ. ეს გახლავთ ქვეითი პატრულის კორპუსი. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ეს ერთი მხრივ არის ეკონომიკისთვის დიდი სარგებელი, თუმცა სამართალდამცავი სისტემისთვის სერიოზული გამოწვევა, რამეთუ ტურისტების ამხელა ტრაფიკს თავისი რისკები მოჰყვება. დღეის მდგომარეობით, ჩვენ თბილისში განსაზღვრული გვაქვს კონკრეტული ლოკაციები და კონკრეტული მარშრუტები. ორშაბათიდან საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფის 20 ეკიპაჟი პატრულირებას დაიწყებს ტურისტულ ზონებში, ყოველთვიურად მას დამატებით 20 ეკიპაჟი მიემატება. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ქვეითი პატრულირების ქვედანაყოფი შედგებოდეს 60 ეკიპაჟისგან, რომლებმაც სრულად უნდა გააკონტროლონ თბილისში ტურისტული ლოკაციები. ეს გახლავთ, ჩათვალეთ, მსგავსი ე.წ. ტურისტული პატრულისა, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება ეფექტიანი, მიეხმარება როგორც მართლწესრიგის დაცვას, ასევე, მომსახურებას გაუწევს ტურისტებს, რომლებიც ჩვენს ქალაქს და ქვეყანას სტუმრობენ.
ასევე, მინდა მოგახსენოთ ცენტრალურ აპარატში შექმნილი ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თაობაზე. ჩვენ აბსოლუტურად ნათლად გვესმის ერთი რამ - კრიმინალთან ბრძოლაში ვერანაირი წარმატება ვერ იქნება სათანადოდ შეფასებული ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, თუ ჩვენ არ შევინარჩუნეთ ადამიანის უფლებების დაცვის შესაბამისი სტანდარტი. სწორედ ამ მიზნით, პირველი ნაბიჯი, რაც გადადგმულ იქნა სტრუქტურული რეფორმების ნაწილში, თუმცა ეს შინაარსობრივი რეფორმების კომპონენტსაც მოიცავს, იყო ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის შექმნა. დღეს ეს დეპარტამენტი საკმაოდ აქტიურად მუშაობს. მას აქვს კონკრეტული ამოცანები, აქვს კონკრეტული გეგმები და მისი მუშაობის ეფექტიანობა უკვე აისახება ციფრებშიც. მაგალითისთვის, მინდა გითხრათ, რომ 2014 წელს გამოძიება დაწყებული იყო ადამიანის უფლებების - ოჯახური ძალადობის ნაწილში 544 ფაქტზე. 2018 წელს, 3 თვეში, აპრილის ჩათვლით, ეს არის 1542. ციფრები, უბრალოდ, გეომეტრიული პროგრესიის ზრდის მაჩვენებელია, რაც, ასევე, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ დეპარტამენტის შექმნის დამსახურება, ეს გახლავთ ის საგანმანათლებლო პროცესები, რომლებიც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ოჯახში ძალადობა, ყველა სახის დისკრიმინაციული ძალადობა, ისევე, როგორც არასრულწლოვნებს შორის ძალადობა - ეს იყოს ის საკვანძო სტანდარტები, რომელსაც სამინისტრო დააწესებს.
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ჩვენ თვალნათლივ გვესმის, რომ ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე, კრიმინალთან ბრძოლის ფასი არის ნული და ვერანაირი შედეგები და წარმატებები ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება.
შინაარსობრივი ცვლილებების ნაწილში, მინდა მოგახსენოთ ის ძირითადი მიმართულებები, რომლებსაც ჩვენ უკვე აშკარად ვხედავთ, სადაც, როგორც კომპეტენციის, ასევე, შესაბამისი გამოცდილების ნაწილში გვაქვს პრობლემები. ეს, ძირითადად, გახლავთ ანალიტიკა და ტექნოლოგიები. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი მიმართულებები იყოს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო მომსახურების ყველაზე მაღალი სტანდარტების მაჩვენებელი. ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს შეუძლებელია მოხდეს 1 და 2 დღეში, თუმცა, ასევე, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არც ისე მძიმედ არის საქმე, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. საკმაოდ მაღალი კომპეტენციის და კვალიფიკაციის კადრებია ამ მიმართულებით. ჩვენ ახლა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათი გადამზადება კიდევ უფრო სწრაფად მოხდეს, რათა უფრო ეფექტიანი გახდეს იმ დანაყოფების მუშაობა, რომელთა სტრუქტურულ რეფორმირებასაც ჩვენ ახლა ვახორციელებთ, ვგულისხმობ კრიმინალურ პოლიციას და საპატრულო პოლიციას.
ტექნოლოგიების ნაწილშიც საკმაოდ მძიმე სიტუაციაა, თუმცა, მთავრობას მადლობა უნდა ვუთხრათ - მან დამატებით, დაახლოებით, 25 მილიონი ლარი გამოგვიყო, რასაც ახლა ჩვენ ვიყენებთ, როგორც ვიზუალური ანალიზის სისტემის, ასევე, კრიმინალისტიკის თანამედროვე ინსტრუმენტებისა და მეთოდების დანერგვაში. ამის პირველი ხილვადი შედეგები ჩვენ უკვე წლის ბოლომდე გვექნება და იმედი გვაქვს, რომ ამ მონაცემებს ჩვენი მოქალაქეები და თქვენც ნახავთ სტატისტიკურ ციფრებში, რომელთა გაუმჯობესების ფაქტობრივ ვალდებულებებსაც ჩვენ ვიღებთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენი აზრით, ეს გახლავთ ადამიანური რესურსების მართვის კომპონენტი. დღეის მდგომარეობით, ჩვენ ვთვლით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, განსაკუთრებით, მის საპოლიციო დანაყოფებში, ერთმნიშვნელოვნად, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა გახლავთ ადამიანური რესურსების სწორი მართვა. ამიტომ, პირველი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ მიერ იყო გადადგმული, ეს გახლავთ ის ღონისძიებები, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ პოლიციის აკადემიაში და მას ჩამოვაშორეთ უმაღლესი განათლების კომპონენტი. დღეის მდგომარეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია უკვე გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული განათლების დაწესებულება, რამაც საშუალება მოგვცა, ერთდროულად გადამზადების რესურსი გაგვეზარდა და თუ აქამდე შეგვეძლო, ერთდროულად გადაგვემზადებინა, დაახლოებით, 300-მდე პოლიციელი, 1-ლი სექტემბრიდან ჩვენ შევძლებთ, რომ ერთდროულად გადამზადდეს 600-მდე პოლიციელი. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი თემა, რამეთუ სხვანაირად გაუმჯობესება სისტემის, სადაც პოლიციის ფორმას და ფუნქციას ასრულებს 13 ათასზე მეტი ადამიანი, არის უბრალოდ შეუძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის 500-550 ადამიანი, მაინც აშკარაა, რომ ჩვენ ამაზე დაგვჭირდება საკმაოდ დიდი დრო. დღეის მდგომარეობით, იქმნება საბაზისო პროგრამები და ეს ყველაფერი ჩვენ დასრულებული გვექნება 1-ლი სექტემბრისთვის. მინდა, ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ პოლიციის აკადემია იქნება ძირითადი კარიბჭე, რომლის საშუალებითაც ახალი ადამიანები შინაგან საქმეთა სამინისტროში მოხვდებიან. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი, ეს არის გარკვეული სტანდარტი, რომლის რაღაც შეღავათებით შეცვლას ჩვენ არ ვაპირებთ და მათი კარიერული ზრდაც პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმ საგანმანათლებლო კურსებზე, საგანმანათლებლო ცოდნასა და სტაბილურ სისტემურ გადამზადებაზე, რომლის სისტემასაც ჩვენ ახლა ვაწყობთ პოლიციის აკადემიაში.
რა თქმა უნდა, ასევე, უნდა გავითვალისწინოთ ის ცვლილებები, რომლებიც უკვე ნაწილობრივ განხორციელებულია. მინდა, უბრალოდ გითხრათ, რომ, დღეის მდგომარეობით, ჩვენ, როგორც ფაქტი, ცენტრალურ აპარატში უკვე შემცირებული გვაქვს, დაახლოებით, 700-მდე სამოქალაქო პოზიცია და ყველა ის რესურსი, რომელიც აქ იყო დაზოგილი, გადატანილია საპოლიციო ქვედანაყოფებში. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად უფრო ეფექტიანად ვმართოთ ჩვენი პოლიციელების როგორც სოციალური პასუხისმგებლობის კომპონენტი, ასევე, მათი განვითარების ნაწილი, რამეთუ ძალიან კარგად გვესმის, რომ სოციალური პორტფელი დღეს ვერ არის სათანადო სიმაღლეზე. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შიდა რესურსების მოძიებაზე იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში შესაბამისი პასუხი გავცეთ ამ გამოწვევას. ეს არ იქნება და არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ სახელფასო კომპონენტს, ეს გულისხმობს სოციალური დაცვის სხვადასხვა მექანიზმს, რომლის სრულ სისტემას ჩვენ პოლიციელებს 31 მაისს, მათ პროფესიულ დღეს წარვუდგენთ. საკანონმდებლო ცვლილების ნაწილში, მინდა, თქვენ მადლობა გადაგიხადოთ, რამეთუ დეპუტატების აქტიური ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მოკლე პერიოდში ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სამინისტრომ უკვე განახორციელა. აქ მინდა, გამოვყო რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება და კომპონენტი. ეს გახლავთ ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით და ის, რასაც ჩვენ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებებით და კანონმდებლობის გამკაცრებით მივაღწიეთ, რამეთუ ის კანონმდებლობა, რომელიც არსებობდა, მიღებული იყო 2005 წელს და უბრალოდ ვერ უძლებდა კრიტიკას, ვერ უძლებდა იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს არსებობს, თუნდაც ტექნოლოგიური და კიდევ ბევრი რამ. ამიტომ, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვმსჯელობთ და ვიმსჯელეთ პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის და წინააღმდეგობის გაწევის კომპონენტში, რამეთუ გვჯერა და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ნაწილი უნდა გამკაცრდეს. რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანი იყო და სისტემური ცვლილების შესაძლებლობას გვაძლევს დანაშაულის დაფარვა-შეუტყობინებლობის კომპონენტის გამკაცრებაც, ეს, უბრალოდ, ფსიქოლოგიურად ცვლის განწყობებს ჩვენ საზოგადოებაში. ჩვენ ახლა, ასევე, ვმუშაობთ ცეცხლსასროლი იარაღის მიმართულებით. მინდა, განსაკუთრებით მადლობა გადაგიხადოთ მანდატურის კანონის ცვლილებასთან დაკავშირებით, რამეთუ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ პატრულის და პოლიციის ადგილი სკოლაში არ არის, მანდატური უნდა იყოს უფრო ეფექტური, რაც თქვენთან ერთობლივი მუშაობით შევძელით.
მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ შიდა ბრძანებით უკვე შევცვალეთ პოლიციაში მიღების კრიტერიუმები და ფაქტობრივად, გავაუქმეთ ყველა ის გამონაკლისი, რომელიც არსებობდა. როგორც უკვე აღვნიშნე, პოლიციის აკადემია იქნება ერთადერთი კარიბჭე, საიდანაც ახალი კადრები საპოლიციო სისტემაში მოხვდებიან. ამასთან ერთად, მინდა გაგაცნოთ რამდენიმე უახლესი ინიციატივა, რომლებიც უახლოეს პერიოდში წამოვა, ეს გახლავთ ოჯახში ძალადობის მიმართულებით. გვინდა ვთქვათ, რომ განმეორების ნაწილში, ადმინისტრაციულის ნაცვლად, სისხლის სამართალზე გადავიდეთ, რადგან ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ასევე, ცივი იარაღის ნაწილი. დღეს ცივი იარაღი საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა, რომელიც სერიოზულ ციფრებში არის გამოხატული და თქვენ შეგიძლიათ, სტატისტიკურ მაჩვენებლებსაც მიაქციოთ ყურადღება.
ეს გახლავთ პროცესები, რაც დღეს სამინისტროში მიმდინარეობს. ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ერთი - ჩვენ კარგად გვესმის, რომ მართლწესრიგი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და კრიმინალთან ბრძოლა არის ჩვენი ძირითადი ამოცანა. ისიც ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ ამოცანებზე შესაბამისი და სათანადო პასუხის გაცემა შეუძლებელია ეფექტიანად მომუშავე პოლიციის გარეშე. ეფექტიანად მომუშავე პოლიციის სოციალური დაცულობის ხარისხი კი უნდა იყოს ძალზე მაღალი და ამავე დროს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ კრიმინალთან ბრძოლაში ვერანაირი წარმატებები ვერ გაამართლებს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის თუნდაც იმ დონეზე დატოვებას.
პირველ რიგში, მინდა, თითოეულ პოლიციელს, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ ღონისძიებაში, გადავუხადო მადლობა, რამეთუ ჯერჯერობით უფლებამოსილების გადამეტების ვერც ერთი მაგალითი ვერავინ ვერ წარმოადგინა. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი მაგალითები წარმოდგენილი იქნება, ჩვენ გვექნება შესაბამისი რეაგირება.
ახლა, ორი სიტყვით იმის შესახებ, რა უსწრებდა ამ ღონისძიებას წინ. დაახლოებით, სამთვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთმნიშვნელოვნად ფაქტობრივი მასალებით დადასტურებულ იქნა, რომ კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვა სისტემური სახით მიმდინარეობდა. ჩვენ, საკონტროლო შესყიდვის საფუძველზე, და ამის მაგალითს განახებთ, პირდაპირ ვადასტურებთ, რომ კონკრეტული ადამიანები კონკრეტულ კლუბებში სისტემატურად, სხვადასხვა დროს ახორციელებდნენ ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვას, რაც პირდაპირ მიგვითითებს იმაზე, რომ ეს იყო, ასე ვთქვათ, დაგეგმილი მოვლენა. შემიძლია გითხრათ, რომ საკონტროლო შესყიდვა დაფიქსირებული გვაქვს სასამართლო განჩინებით, 20-ზე მეტი კონკრეტული ფაქტი, როგორც მიმდებარე ტერიტორიაზე ( მიმდებარე ტერიტორია არ ნიშნავს გვერდით უბანს, ეს არის კლუბის წინ), ასევე, კლუბის შიგნით. არც ერთ კლუბში, სადაც ჩვენ დადასტურებული არ გვქონდა კლუბის შიგნით შესყიდვა, ღონისძიება არ ჩაგვიტარებია. მაგალითად, ჩვენს გადაღებული გვაქვს შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი კლუბის წინ, შესასვლელთან, ორი ახალგაზრდა ხვდება. ერთი გამოდის კლუბიდან. ისინი საუბრობენ გარკვეულ ყიდვა-გაყიდვის აქტზე, რომლის დროსაც ხდება ფასზე შეთანხმება, შემდეგ მყიდველი გადასცემს თანხას და ამბობს - „ბოდიში არ მაქვს კონკრეტული თანხა“ (ხურდაზეა საუბარი), გამყიდველი იღებს ამ თანხას და პასუხობს - „არ არის პრობლემა, ხურდას დაგიბრუნებ“. შედის ყველანაირი დაცვის ავლით კლუბში, შემდეგ კლუბიდან ბრუნდება, გადასცემს კონკრეტულ ნარკოტიკულ საშუალებას და აბრუნებს ხურდას. ეს ერთი შემთხვევა. მეორე - რომელიც პირდაპირ მიგვითითებს სისტემურ კავშირზე, ნარკოტიკის გამსაღებლებსა და კლუბს შორის. ეს არის ის, როდესაც ერთ-ერთ კლუბში გაყიდვას ახორციელებდა დაცვის უფროსი, ადმინისტრაციის ჩვეულებრივი წევრი. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: იმ შემთხვევაში, როდესაც მსგავსი მტკიცებულებები გაგვაჩნია, უნდა შევსულიყავით კლუბში თუ არა? მე ვფიქრობ, აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ არსებობს. თუ ფორმასთან დაკავშირებით არსებობს რაიმე შეკითხვები, მზად ვართ, გავცეთ კონკრეტული პასუხები, რამეთუ აბსოლუტურად გვაქვს შინაგანი რწმენა იმისა, რომ სწორად მოვიქეცით, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვით. თუ უფლებამოსილების გადამეტების ერთი ფაქტი მაინც დადასტურდება, ჩვენ ამაზე გვექნება აბსოლუტურად ღია, ტრანსპარანტული რეაქცია.
მე მჯერა, რომ თქვენ აბსოლუტურად სწორი წარმოდგენა გაქვთ იმასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა ამ კლუბებში. ისიც ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენ კლუბური ცხოვრების და მოდის წინააღმდეგი არ ვართ, თუმცა, როდესაც გარკვეული სოციუმი გიმტკიცებს, რომ კლუბებში ასეთი რამე არ ხდება და ჩვენ გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ ეს ყველაფერი ხდება, როდესაც კლუბის მფლობელების და ხელმძღვანელების მხრიდან არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ მათ მიემართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და ეთხოვათ, მოგვეხმარეთ ამ პრობლემის გადაწყვეტაში, როდესაც ჩვენ მტკიცებულებებით ვხედავთ, რომ ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობენ, ჩვეულებრივად, ყველანაირი დაცვის გვერდის ავლით შედიან, გამოდიან, ერთი და იგივე ადამიანები არიან ერთი და იმავე კლუბებში, როდესაც ვხედავთ, რომ ეს ადამიანები არიან ამ კლუბის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ეს არის სისტემური პრობლემა. ამასთან ერთად, მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ინტოქსიკაციის რაოდენობა კრიტიკულად გაიზარდა. შესაბამისად, ამას თავისი ახსნა აქვს. ეს იყო ის ძირითადი გამოწვევები, რის გამოც ჩვენ გადავწყვიტეთ ღონისძიების ჩატარება. იყო ორი კომპონენტი, პირველი - აბსოლუტურად ნათელი მტკიცებულებები და არანაირი ფორმალური იურიდიული შეკითხვები ამ მიმართულებით არ არსებობს და მეორე - ოპერატიული ინფორმაცია, რის გამოც ჩვენ ეს ოპერაცია ჩავატარეთ".
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლის პოლიტიკური შეფასებებისა და დებატების შემდეგ, გიორგი გახარიამ დეპუტატებს დასკვნითი სიტყვით მიმართა. მინისტრის სიტყვის მთავარი ადრესატი რიგითი პოლიციელები იყვნენ.
„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო დეპუტატებს. ჩვენთვის პატივია და ძალიან სასარგებლო, წარვდგეთ თქვენ წინაშე. რა თქმა უნდა, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს და ვუთხრა, რომ თმენის ვალდებულება არის საფუძველი ჩვენი მოვალეობის შესრულების. კეთილსინდისიერება და ეფექტიანობა არის ის კრიტერიუმები, რომლებიც მოგვცემს საშუალებას, აღვადგინოთ ნდობის ის მაღალი ხარისხი, რომლის გარეშე ეფექტიანი ბრძოლა კრიმინალთან იქნება შეუძლებელი. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალთან და ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა არის ჩვენი ძირითადი მიზანი. მინდა, თითოეულ პოლიციელს, რომელიც ამ დღეებში მონაწილეობას იღებდა ამ ღონისძიებებში, პირადად გადავუხადო მადლობა და გითხრათ, რომ ჩვენ ერთად, მოქალაქეებთან ერთად, დაპირისპირებულ მხარეებთან ერთად, რომელიც იდგა რუსთაველზე, მივეცით საზოგადოებას შანსი, რომ გაჩნდეს ამ ქვეყანაში ახალი პოლიცია, რომელიც დაიმსახურებს საზოგადოების ნდობას, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება ზრუნვა მოქალაქეზე. პოლიცია არ ეკუთვნის არც ერთ პარტიას, პოლიცია ეკუთვნის ქვეყანას და ჩვენი მისია, ჩვენი სისტემური განახლების მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ პოლიცია გახდეს უფრო ეფექტიანი და უფრო კეთილსინდისიერი“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.