შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანს, ნიკოლ დე მურს და დელეგაციის წევრებს მიგრაციის დეპარტამენტში უმასპინძლა.
შეხვედრაზე ალექსანდრე დარახველიძემ და მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, მიხეილ ჩიკვაიძემ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს დეპარტამენტის საქმიანობის, ასევე, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და საერთაშორისო დაცვის კუთხით არსებული სტანდარტებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ.
ბელგიის სახელმწიფო მდივანმა, ნიკოლ დე მურმა და დელეგაციის წევრებმა, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირთა დროებითი განთავსების ცენტრიც დაათვალიერეს და ადგილზე არსებულ სერვისებს გაეცნენ.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ასევე ეწვია თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, სადაც ბელგიელ სტუმრებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გურამ დავითაშვილმა უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ კანონში“ შესული ცვლილების შესაბამისად ამოქმედებული ე.წ. გასვლის კონტროლის განხორციელების პროცედურა, სასაზღვრო გამტარი პუნქტის საქმიანობა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.
სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ინფრასტრუქტურა. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გასცნობოდნენ მესაზღვრე-კონტროლიორების მუშაობის სპეციფიკას და კინოლოგიური სამსახურის აქტივობები ეხილათ.