შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ შემწყნარებლობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხებში ეუთოს თავმჯდომარეობის პირად წარმომადგენლებს - რეჯინა პოლაკს, ენდრიუ ბეიკერს და ისმაილ ჰაკი მუსას შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლები - ტატიანა პერიჩი და მიკოლაი ვჟეჩენკოვსკი, აგრეთვე, ეუთოს პოლონეთის თავმჯდომარეობის სპეციალური მრჩეველი - ევა საპიეზინსკა.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ისაუბრა სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ეფექტიანი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის განხორციელებას.
შემწყნარებლობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხებში ეუთოს თავმჯდომარეობის პირადი წარმომადგენლების ვიზიტის მიზანია ქვეყანაში ტოლერანტობის ხელშეწყობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოწვევების შეფასება.
შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ შემწყნარებლობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხებში ეუთოს თავმჯდომარეობის პირად წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტულია ეუთოს ინსტიტუტებთან თანამშრომლობა.