შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში სექსუალური ძალადობის მსხვერპლებისათვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების შესახებ გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში.
ალექსანდრე დარახველიძემ ისაუბრა სექსუალური ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ განსახორციელებელი რეაგირების სტანდარტებზე, პოლიციაში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე. მან ასევე ხაზი გაუსვა მართლმსაჯულების განხორციელებისას სექსუალური ძალადობის დანაშაულების სპეციფიკური ბუნების გათავისების აუცილებლობას და ასეთი კატეგორიის საქმეებზე მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენების მნიშვნელობას.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სექსუალურ ძალადობაზე სათანადო სამართალწარმოების განხორციელება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მხრივ, სამინისტროში უკვე გადაიდგა ხელშესახები ნაბიჯები, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია მიმდინარე წელს სექსუალური ძალადობის ეფექტიანი გამოძიების წარმოების თაობაზე განხორციელებული გამომძიებელთა სპეციალიზაცია, რომლის ფარგლებშიც სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული და სტრუქტურული ერთეულის 232 პოლიციელს სპეციალიზებული გამომძიებლის სტატუსი მიენიჭა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო წელსაც უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან გლობალურ კამპანიას და კიდევ ერთხელ გმობს მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის ნებისმიერ ფორმას, რაც დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს ქალების სრული თანასწორუფლებიანობის მიღწევის პროცესში. აღნიშნული შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ორგანიზებით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.