შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორს - მატეო მეკაჩის შეხვდა.
შეხვედრაზე ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში განხორციელებულ იმ რეფორმებსა და ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარებას, ასევე, გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას უზრუნველყოფს. მხარეებმა განიხილეს საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის გამიჯვნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები.
ალექსანდრე დარახველიძემ და მატეო მეკაჩიმ ასევე ისაუბრეს სამინისტროსა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR) შორის თანამშრომლობის საკითხებზე. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ეუთოს ინსტიტუტებთან ურთიერთობა და მომავალში აღნიშნული თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში - ქეთევან ციხელაშვილი, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორის წარმომადგენელი ვენაში, სპეციალური მრჩეველი - პეტერ მოსოპი და სამართლებრივი საკითხების ოფიცერი -კარინ სიმონსენი.