შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს, სამუშაო ვიზიტით, ჩეხეთის რესპუბლიკის პოლიციის პრეზიდიუმის კრიმინალური პოლიციის ბიუროსა და საგამოძიებო სამსახურის ოთხი ექსპერტი ესტუმრა.
ვიზიტის მიზანი იყო სამართალდამცავი უწყებების საქმიანობის ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების კუთხით.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჩეხმა ექსპერტებმა შეხვედრები გამართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: დანაშაულის ადგილის შესწავლა, სისხლის კვალი და მისი დოკუმენტირება, დნმ-ის, თითის ანაბეჭდებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოკვლევა, ასევე, უცხოურ მონაცემთა ბაზებთან შედარება.
ჩეხი ექსპერტები საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ და შესაბამისი ლაბორატორიები დაათვალიერეს.
ვიზიტის დასასრულს, ჩეხურმა მხარემ ქართველი ექსპერტები საპასუხო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში მიიწვია.