2023 წლის პირველი მაისიდან, შემაკავებელი ორდერი და რისკების შეფასების ინსტრუმენტი განახლებული ფორმით ამოქმედდა. შემაკავებელი ორდერი და რისკების შეფასების ინსტრუმენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის განმეორებითი ძალადობისგან დაცვის მნიშვნელოვან გარანტს წარმოადგენს.
ზემოხსენებული ცვლილების მიზანი ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ამაღლება და მოძალადეზე ზედამხედველობის კიდევ უფრო ქმედითი მექანიზმის შექმნაა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 1 სექტემბრიდან, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, ძალადობის განმეორების პრევენციის მიზნით, ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმიც მოქმედებს. ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შემთხვევაში მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური უმაგრდება. აღნიშნულის შედეგად მოძალადის მიერ მსხვერპლთან/მსხვერპლის სახლთან, მის სამსახურთან და სხვა ტერიტორიასთან მიახლოების რეალურ დროში კონტროლი ხდება.
ცვლილებების პროცესს წინ უძღვოდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია - ,,Global Rights for Women” ექსპერტების მიერ ძალადობის განმეორების რისკების შეფასების მექანიზმის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შეფასება, ასევე, სამუშაო შეხვედრები როგორც საპოლიციო დანაყოფების, ისე, არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან.
მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, ზემოხსენებულ დოკუმენტში შეტანილი ცვლილებებით, ძალადობის განმეორების რისკების შეფასების პროცესი მეტად ორიენტირებული იქნება მსხვერპლზე. განახლებული სტრუქტურირებული კითხვარი პოლიციის უფლებამოსილ თანამშრომელს, საშუალებას მისცემს, მიიღოს ეფექტიანი ზომები მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად. ასევე, განახლებული ინსტრუმენტით, შეიცვალა ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების სტანდარტი, რაც მეტ მსხვერპლს მისცემს საშუალებას, გამოიყენოს ძალადობის პრევენციის ეფექტიანი მექანიზმი.
ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისთვის აუცილებელია მსხვერპლის თანხმობა. პოლიციის მიერ შედგენილი ოქმი ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს.
ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმის შესახებ, ცნობიერების ამაღლების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, დამზადდა ვიდეორგოლი.