შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, სოლიდარობის ფონდთან ერთად, სოციალურ პროექტში - „გავერთიანდეთ, სიკეთე გადამდებია“ ჩართულობის ანგარიში წარადგინა.
ღონისძიებას შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორი ნიკა გელაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და შსს-ს სპორტული კლუბი Mia Force-ს პრეზიდენტი არჩილ თალაკვაძე და სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სოფიო კაკალიაშვილი-ძაგნიძე ესწრებოდნენ.
აღნიშნულ პროექტში მომსახურების სააგენტო 2015 წლის 1 ივნისიდან ჩაერთო და დღეისათვის ფონდში უკვე 93 431 ლარია გადარიცხული. სააგენტო პირველი საჯარო სტრუქტურა იყო, რომელმაც ფონდის მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა და ხელი შეუწყო პროექტში საზოგადოების ჩართულობას.
შეხვედრაზე, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინიციატივით, სოლიდარობის ფონდსა და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც TCR International-ის სეზონის გახსნაზე დასასწრები ბილეთების ყიდვისას მოქალაქეების მიერ ფონდში თანხის გადარიცხვის შესაძლებლობას ითვალისწინებს. კერძოდ, ნებისმიერ ადამიანს, ვინც მიმდინარე წლის 1-2 აპრილს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე დაგეგმილი საერთაშორისო ჩემპიონატის ბილეთს შეიძენს, სურვილის შემთხვევაში, საშუალება ექნება სოლიდარობის ფონდში სასურველი თანხა გადარიცხოს. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში, საქართველოს სახელით, შსს-ს სპორტული კლუბი Mia Force-ს ავტომრბოლელი, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე, ევროპის ჩემპიონი დათა ქაჯაია იასპარეზებს.
სოციალური პროექტის ფარგლებში, მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს, რომლებიც სააგენტოს სერვისებით ისარგებლებენ, საშუალებას აძლევს, განახორციელონ დონაცია და ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების გამოჯანმრთელებაში თავიანთი წვლილი შეიტანონ.
სოლიდარობის ფონდის მიზანია, ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების ამოქმედებით, კერძო სექტორისა და სახელმწიფო სტრუქტურების რესურსების მობილიზაცია და საქართველოში მცხოვრები ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების დახმარება.