შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს თანამშრომლებმა, ლენტეხის რაიონში ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, ლატფარის უღელტეხილთან, ხეობიდან ფეხმოტეხილი ტურისტი ამოიყვანეს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში შევიდა შეტყობინება, რომ ლენტეხის რაიონში, სოფელ ტვიდთან კანადელ ტურისტს – 1984 წელს დაბადებულ ბერგ მათიუ ვეინს ჩანჩქერთან, კლდის ქიმზე ფეხი დაუცურდა და ხევში ჩავარდა. ფეხმოტეხილ ტურისტს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა დახმარება.
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე ვერტმფრენით შემთხვევის ადგილზე ჩავიდა. სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს თანამშრომლებმა პირველადი სამედიცინო დახმარება დაშავებულს ადგილზევე აღმოუჩინეს. მაშველებმა ბერგ მათიუ ვეინი ხევიდან საკაცით ამოიყვანეს და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ლენტეხში ჩაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იგი რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისათვის დაშავებული ტურისტის მდგომარეობა სტაბილურია.