შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად ატარებს სწავლებას თემაზე „კატასტროფით გამოწვეული მიგრაციული კრიზისების მართვა“.
სწავლების მიზანია სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება, როგორც მსხვილმასშტაბიანი კატასტროფით გამოწვეული მიგრაციული კრიზისების, ისე, ზოგადად, საგანგებო სიტუაციების მართვის დროს.
სწავლების ფორმატი ითვალისწინებს სამაგიდო სიმულაციური ვარჯიშის ჩატარებას, რა დროსაც მოხდება სხვადასხვა საგანგებო სიტუაციისა და სცენარის გათამაშება.
ტრენინგში მონაწილეობენ საქართველოს ყველა სამინისტროს წარმომადგენლები, შსს-ს საგანგებო სიტუაციის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და ამ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), გაეროს განვითარების პროგრამების ოფისი (UNDP), გაეროს ლტოლვილთა კომისარიატი (UNHCR), საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი (UNICEF) და „Save the Children”.
ტრენინგი სამდღიანია და 21 თებერვალს დასრულდება.