2018 წლის 7 მაისს ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა 2 მოქალაქე. საგამოძიებო დანაყოფისთვის ცნობილი იყო, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ძმა შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძიების მსვლელობის პარალელურად, სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები პოლიციელის დანაშაულებრივ საქმიანობაში შესაძლო მონაწილეობის დადგენის მიზნით. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ხსნებულ ინსპექტორ-გამომძიებელს მისი ძმის დაკავების შესახებ ეცნობა მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდგომ. მან იმავე დღეს პატაკით მიმართა სამინისტროს ხელმძღვანელობას მისი სამინისტროს რიგებიდან დათხოვნის შესახებ.
ამ ეტაპზე ხსენებული პირის დანაშაულში მონაწილეობის ფაქტი არ დასტურდება, თუმცა აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დანაშაულში მონაწილეობის ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნულ პირს დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა.