შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგი
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ ბრძოლას ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის და გავრცელების წინააღმდეგ.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ინტენსიური ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის არაერთი ფაქტი გახსნეს და დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რამდენიმე ფაქტის შესახებ, რომელიც დიდი ოდენობით ნარკოტიკების გავრცელებას უკავშირდება.
სამართალდამცველებმა, თბილისში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის, ასევე ქვეყანაში შემოტანისთვის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის მიზნით ჩამოვიდა. ასევე, დადგინდა, რომ ის ნარკოტიკულ ნივთიერებებს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა, ფოტოებს უღებდა და შესაბამისი აღნიშვნებით და კოორდინატებით, შემდგომი გასაღების მიზნით ორგანიზატორს უგზავნიდა.
დაკავებულის პირადი და სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას, ასევე თბილისში 10 სხვადასხვა ლოკაციიდან, ნივთმტკიცებად ამოღებულია 15 შეკვრად დაფასოებული 122,96 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 262 პირველი პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ გასაღებას და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.
ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის და ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ერთი პირი.
ბრალდებული თურქეთის რესპუბლიკიდან ჩამოფრინდა და ცდილობდა საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების - 265 აბი „სუბუტექსის“ შემოტანას.
მის მიერ ჩადენილი დანაშაული 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260–ე მუხლის მე–6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ასევე, გაცნობებთ ნარკოდანაშაულის კიდევ ერთი გახსნილი ფაქტის შესახებ.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით, პოლიციამ 1 პირი იმ დროს დააკავა, როცა ის თბილისის შემოვლით გზაზე გადაადგილდებოდა. პოლიციამ მისი ავტომანქანის ჩხრეკისას 392 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ჯამში, 2019 წლის პირველი იანვრიდან 13 მაისამდე პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 13.5 კილოგრამი "ჰეროინი", 1 800 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 2500 აბზე მეტი "ექსტაზი", 6.5 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 400 გრამი კოკაინი და 400 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.
ამავე პერიოდში, სამართალდამცველების მიერ პასუხისგებაში მიცემულია 60 ნარკორეალიზატორი.