შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის - მამუკა ჭელიძის ბრიფინგი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რამდენიმედღიანი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სოფელ განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიმდინარეობისას, ირანის რესპუბლიკის 5 და საქართველოს 2 მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ასევე, სოფელ განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 15 პირი დააკავეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია უკრაინის მოქალაქე 1989 წელს დაბადებული ი.ი. რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები: კოკაინი, კეტამინი და ამფეტამინი. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ დაკავებულისგან 91 აბი „სუბოქსინი“ და 5 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი“ ამოიღო.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე, ნარკოტიკოდანაშაულისათვის დაკავებულია ირანის 2 მოქალაქე. ორივე მათგანისგან ამოღებულია 8 შეკვრა სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება: 700 გრამამდე „ჰეროინი“.
გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დაკავებულია 2 პირი. მათი პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით სინთეტიკური ნარკოტიკები: 25 აბი „ექსტაზი“, ასევე, „ამფეტამინი“, „მდმა“ და „LSD“.
ასევე, ფონიჭალაში ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე დაკავებულია - 1 პირი. პოლიციამ დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ საკონტროლოდ შეისყიდა. სამართალდამცველებმა, ორთვიანი ოპერატიული მუშაობის შედეგად, 1992 წელს დაბადებული პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
დანაშაული 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 იანვრიდან დღემდე, საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 99 პირი დააკავა. აღნიშნული პირები ქვეყანაში დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების შემოტანას ცდილობდნენ.