2016 წლის 30 ივნისს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასების შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შეფასებული 176 სახელმწიფოდან საქართველო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების შეფასების უმაღლეს საფეხურზე - ე.წ. „პირველ კალათაში“ მოხვდა.
შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, ის ქვეყნები, რომლებიც საანგარიშო პერიოდში სრულად ასრულებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვის აქტით (TVPA) გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს, აშშ-ის დეპარტამენტის შეფასების „პირველ კალათაში“ იკავებენ ადგილს. ქვეყნები, რომლებიც სრულად ვერ ასრულებენ მინიმალურ მოთხოვნებს, თუმცა ახორციელებენ მნიშვნელოვან ძალისხმევას, შეფასების „მეორე კალათაში“ განთავსდებიან. „მესამე კალათაში“ კი ხვდებიან ის ქვეყნები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მინიმალურ სტანდარტებს და აღნიშნულის მისაღწევად არ ასრულებენ შესაბამის სამუშაოებს.
საქართველო 2013 წლიდან 2016 წლამდე „მეორე კალათაში“ იკავებდა ადგილს. განხორციელებული რეფორმებისა და შესრულებული რეკომენდაციების შედეგად, 2015 წელს ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რაც აისახა კიდეც ანგარიშში.
„საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს. საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიოდ წარმოაჩინა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა წინააღმდეგ ბრძოლის ოთხივე მიმართულებით განხორციელებული ძალისხმევა. შთამბეჭდავი წარმატებაა მიღწეული შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობაში“,- აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტში ხაზგასმულია დაწყებული გამოძიებების წინა წლებთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელი, რაც შემთხვევების გამოვლენისა და პროაქტიული გამოძიებების გაძლიერებას მოწმობს. ანგარიშში ასახულია ტრეფიკინგის მომიჯნავე მუხლებით დაწყებული გამოძიებების რიცხვის მატებაც, კერძოდ, 171-ე მუხლი, რომელიც არასრულწლოვნის ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ჩაბმას ითვალისწინებს, ასევე, პროსტიტუციის იძულებასა და ხელშეწყობასთან დაკავშირებული მუხლები.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობაზე, რომლის გაფართოების ფარგლებშიც, უწყებამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის კუთხით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შსს-მ გაზარდა პოლიციის ატაშეების რიცხვი.
შემფასებელთა ჯგუფი დადებითად აფასებს ტრეფიკინგის თემაზე კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებების, სახელმწიფო რესურსით, შესაბამისი სამიზნე ჯგუფებისათვის (გამომძიებლები, პროკურორები, მოსამართლეები, ფონდის თანამშრომლები, შრომის ინსპექტორები, სოციალური მუშაკები, საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები) უწყვეტად და სისტემატურად ორგანიზებას, რომლებიც წინასწარ განსაზღვრული საჭიროებების გამოკვლევის საფუძველზე ტარდება.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფოების მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენციის, მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვის, გამოძიების მაჩვენებლის, დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნის, მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის პარტნიორობის მიმართულებით შესრულებულ სამუშაოებს ყოველწლიურად აფასებს.
http://m.state.gov/mc71869.htm