შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ნიკოლოზ დიასამიძე, მის მოადგილედ კი ირაკლი ჯიქია დანიშნა.
ნიკოლოზ დიასამიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. 2006-2009 წლებში იგი თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებელი იყო. 2009 წლიდან 2012 წლამდე თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში დეტექტივ-გამომძიებელად მუშაობდა, ხოლო 2013 წლიდან 2014 წლამდე თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების უფროსი იყო. ნიკოლოზ დიასამიძემ 2014 წლიდან მუშაობა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში განაგრძო, სადაც წლების განმავლობაში სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციას იკავებდა, ხოლო 2017 წლიდან 2018 წლის მარტამდე იგი ქუთაისის საქალაქო სამმართველოს უფროსი იყო.
ირაკლი ჯიქია 1998-2004 წლებში საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, ხოლო 2004-2005 წლებში თბილისის უშიშროების მთაწმინდის რაიონულ განყოფილებაში მსახურობდა. 2005 წლის მარტიდან 2006 წლის იანვრამდე იგი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. 2006 წლის იანვრიდან დეკემბრამდე ირაკლი ჯიქია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ფოთის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა, შემდეგ კი, 2007 წლამდე სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი იყო. იგი წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა წამყვან პოზიციას იკავებდა. 2014 იანვრიდან 2017 წლის აგვისტომდე ირაკლი ჯიქია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამმართველოს უფროსი იყო, ხოლო 2017 წლის აგვისტოდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.