მიმდინარე წლის 22-23 დეკემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, საპოლიციო კონტროლი და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები განხორციელდა.
ღონისძიებების შედეგად სულ დაკავებულია 70 პირი, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 32, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის - 38, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებისთვის 6, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით - 12, ასევე, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე - 10 პირი.
გარდა ამისა, სხვადასხვა დანაშაულისათვის 13 ძებნილი პირია დაკავებული.
ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და 49 ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ნებაყოფლობით ჩაბარებულია 16. ასევე, ამოღებულია 43 ხელყუმბარა, 12 კაფსულ-დეტონატორი და 2278 ცალი ვაზნა.
საპოლიციო კონტროლი, რიგ შემთხვევებში გულისხმობდა ზედაპირული შემოწმების განხორციელებას და ის ემსახურება საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას.
საპოლიციო კონტროლის დროს სულ გადამოწმდა 36 330 პირი.