საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, მერაბ მალანია თბილისის საერთაშორისო ფორუმის -"რეგიონული სტაბილურობისთვის: შავი ზღვის რეგიონი და გლობალური ბირთვული წესრიგი“ გახსნით ღონისძიებას დაესწრო და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოების მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული აქტივობები და არსებული გამოწვევები მიმოიხილა. მისი თქმით, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები აქტიურად არიან ჩართული აღნიშნული გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ფორუმზე განხილვის მთავარ თემას, ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, შავი ზღვის რეგიონში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული რისკების შემცირება წარმოადგენდა. ღონისძიება წელს მესამედ ჩატარდა.