შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, წარმატებით ჩატარებული სამძებრო და სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაგანას ხეობაში დაკაგული ჩეხი ტურისტები იპოვეს.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112"-ში შევიდა შეტყობინება, იმის შესახებ, რომ სენაკიდან წალენჯიხის რაიონში, ტობავარჩხილის ტბის მიმართულებით ჩეხეთის 7 მოქალაქე გავიდა. აღნიშნული მარშრუტით მოძრაობისას ტურისტები მაგანას ხეობაში დაიკარგნენ და შველას ითხოვდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში დამატებით ჩაერთო შსს-ს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს 7 კაციანი ჯგუფიც. მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ ჩეხ ტურისტებს. მათ ალპურ ზონაში დაახლოებით 25 კმ. ფეხით იარეს და დაკარგულებს გამთენიისას მიაგნეს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ჩეხეთის 7 მოქალაქე აღნიშნული ტერიტორიიდან უვნებლად ჩამოიყვანეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.