31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის დღეს აღნიშნავს. პოლიციის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება, ლისის ტბაზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.
„მოგესალმებით ქალბატონო პრეზიდენტო, მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო. მოგესალმებით ბატონო ოფიცრებო და ძვირფასო რიგითებო. გილოცავთ პოლიციის დღეს. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ პოლიციის ჩამოყალიბების 101-ე წელს, 1918 წლის დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ. თითოეული ჩვენგანისთვის ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ გვაქვს ამ ქვეყანაში უდიდესი პასუხისმგებლობა მართლწესრიგის, წესრიგის, სიმშვიდის. იმ სიმშვიდის, რომლის პირობებშიც თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეძლოს შრომა, ზრუნვა, თავის ხვალინდელ დღეზე და მომავალზე, როგორც თავისი ოჯახის, ასევე, ქვეყნის. ძვირფასო პოლიციელებო, ჩვენ დღეს ზუსტად ვიცით სად ვართ და ზუსტად ვიცით რა გეგმები გვაქვს და სად მივდივართ. სწორედ ამ გეგმებიდან გამომდინარე, ჩვენს მიმდინარე რეფორმებს დავარქვით სისტემური განახლება - რათა შევინარჩუნოთ ყველაფერი კარგი, რაც იყო ჩვენს წარსულში და სიახლეებით და რეფორმებით ვუპასუხოთ იმ თანამედროვე გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი მიზანია ეფექტური და პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია. ეს არის ძირითადი, რასაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ და ასევე, ჩვენი უმნიშვნელოვანესი მიზანია, ვიყოთ ეფექტიანები, შედეგიანები და წარმატებულები მხოლოდ და მხოლოდ ისე, რომ შევინარჩუნოთ ადამიანის ღირსება და ადამიანის უფლებები. ეს არის ჩვენი უდიდესი მიზანი, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ. ბატონო პოლიციელებო, ბატონო მეხანძრე-მაშველებო, ბატონო მესაზღვრეებო, ბატონებო, ვინც ემსახურებით შინაგან საქმეთა სამინისტროს - თქვენი მსახურება დღეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და არ არსებობს იმაზე ღირსეული რამ, რომ ემსახურო შენი მოქალაქის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და იყო შენი ქვეყნის სიმშვიდის სადარაჯოზე. ბატონებო, გილოცავთ კიდევ ერთხელ პოლიციის დღეს. ჩემთვის უდიდესი ღირსებაა თქვენთან ერთად ვემსახურო საქართველოს.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის დეპუტატები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის დღეს განსხვავებულად აღნიშნა. ლისის ტბაზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, მოწვეული სტუმრებთან ერთად, პოლიციელები ოჯახის წევრებთან ერთად მივიდნენ.
ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულმა დანაყოფმა პირადი შემადგენლობა წარმოადგინა, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ასევე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და პოლიციელებს პროფესიულ დღეს მიულოცეს.
ღონისძიებაზე გიორგი გახარიამ განსაკუთრებული დამსახურების მქონე რამდენიმე თანამშრომელი პირადად დააჯილდოვა. აღსანიშნავია, რომ პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, სამინისტროს 1400- მდე თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის ვადამდელი წოდებები მიენიჭებათ, სამკერდე ნიშნები და მადლობის სიგელები გადაეცემათ.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ბავშვთა ანსამბლმა „მძლევარი“ საქართველოს ჰიმნით დაასრულა.
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, პოლიციელების ოჯახის წევრებისა და სტუმრებისთვის მოეწყო თემატური ინსტალაციები, ისტორიული გამოფენები, მოსასვენებელი სივრცეები და საბავშვო გასართობი მოედნები.
ლისის ტბის ტერიტორიაზე სხვადასხვა სტრუქტურულმა დანაყოფმა სპეცტექნიკა და შესაბამისი აღჭურვილობაც წარმოადგინა.