შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებს ეწვია. ომის ვეტერანებთან ერთად გიორგი გახარიამ შინდისის გმირთა მემორიალს პატივი მიაგო და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული 17 გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო.
ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ ვეტერანებთან და მოსახლეობასთან სიტყვით მიმართვისას აღნიშნა, რომ ვინც ამ მიწაზე ქვეყნის ერთიანობისთვის იბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთლიანად სახელმწიფო დაიცავს ყოველთვის.
“კითხვის ნიშანი, ომი ვინ დაიწყო აბსურდულია. როგორ შეიძლება ომი დაიწყო საკუთარ მიწაზე. ეს ადამიანები არიან გმირები და იბრძოდნენ საკუთარი მიწა-წყლის დასაცავად. იცოდეთ, რომ ოკუპაციას უნდა დაერქვას ოკუპაცია და ეს ხალხი, ვინც აქ იბრძოდა, მათ უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფო მუდამ გვერდში დაუდგება. მესმის, რომ მძიმეა მაგრამ სიწყნარეში, სიმშვიდეში ქვეყანა წინ უნდა წავიყვანოთ. მადლობა და გული არ გაიტეხოთ, იცოდეთ რომ სახელმწიფო მუდამ თქვენს გვერდით დგას.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იმდენი ემოციური, აბსოლუტურად რეალობას მოწყვეტილი რამ იყო ნათქვამი იმ ხალხთან დაკავშირებით, რომლებიც 2008 წელს საქართველოსთვის თავს წირავდნენ, რომ ერთმნიშვნელოვნად ჩვენ ჩავთვალეთ ამ ხალხს დავდგომოდით გვერდში. ჩამოვედით, რათა პირველ რიგში იმ პოლიციელებს, რომლებიც იბრძოდნენ და ყველა სამხედროს ვინც აქ იბრძოდა, ოფიციალურად ვუთხრათ: რეალობას მოწყვეტილი რაღაც იდეები, რომ შეიძლება ვიღაცამ ადამიანს, რომელმაც სიცოცხლე გასწირა, ქვეყნის ერთიანობისთვის იბრძოდა, რომ მათ შეიძლება რაღაც რისკები გაუჩნდეთ. თითოეულ ამ ადამიანს, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უწყებები ყოველთვის ედგება გვერდით, დაიცავს როგორც მათ უფლებებს, ასევე ყველა იმ საკითხში, რომელიც მათ ესაჭიროებათ დღეს, ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით. ეს ყველაფერი არის სრული სიცრუე და ყოველგვარ რეალობას აბსოლუტურად მოწყვეტილი, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სწორედ აქ მოვსულიყავით ვეტერანებთან ერთად, 2008 წლის ომის ვეტერანებთან, როგორც პოლიციელებთან, ასევე სხვა დანაყოფების წარმომადგენლებთან. ჩვენ გვესმის, რომ ამ ხალხისთვის ეს საოკუპაციო ხაზი არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა და ქვეყნის ერთიანობა დღეს არის ჩვენი საერთო მიზანი და ჩვენ თითოეულ მათგანს, თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ პოლიციელს დავიცავთ ყოველთვის და ყველგან,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შინდისში ღონისძიებას შიდა ქართლის რეგიონში გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
დღესვე გიორგი გახარიამ სამინისტროს სხვა ხელმძღვანელებთან ერთად სოფლების ახალსოფლისა და ზემო ნიქოზის პოლიციის განყოფილებები და ზემო ნიქოზის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგუშაგო მოინახულა.
შინაგან საქმეთა მინისტრი ახალსოფლისა და ზემო ნიქოზის მოსახლეობასაც შეხვდა და უსაფრთხოების კონტექსტში ადგილობრივებისთვის არსებულ გამოწვევებს გაეცნო.