- შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების და რეფორმების ფარგლებში ახალი გამომძიებლები მხოლოდ კონკურსის გზით შეირჩევიან
- შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი 1200 გამომძიებელი გადამზადების სპეციალურ კურსს აკადემიაში ხვალიდან დაიწყებს
- შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებს მოქმედი მოსამართლეები, პროკურორები და აკადემიის ტრენერები გადაამზადებენ
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში, გამომძიებელთა გადამზადებას და კონკურსის წესით გამომძიებელთა მიღებას იწყებს.
ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. მინისტრმა გამომძიებლებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საგამოძიებო სისტემის გაძლიერების გამოძიების ხარისხის ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დღეს ჩვენ ვიწყებთ გადამზადების და სტაჟიორების მიღების ეტაპს. სისტემური განახლება არის რეფორმების მთელი პაკეტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. ყველაზე მნიშვნელოვანია კრიმინალური პოლიციის რეფორმა და საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება. ეს ჩვენთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილია სისტემური რეფორმების, რამაც უნდა უზრუნველყოს კომპეტენციის მაღალი ხარისხი და თითოეული ჩვენი მოქალაქის ნდობისთვის, შესაბამისი საპოლიციო მომსახურება. პირველი რაც ჩვენ გავაკეთეთ, ეს იყო მიღების წესის შეცვლა. ახალგაზრდა ადამიანისთვის, რომელიც სისტემაში იწყებს მუშაობას, მისთვის ყველაფერთან ერთად, ვგულისხმობ სოციალურ უზრუნველყოფის ნაწილს, კომპეტენცია და განათლების ხარისხი უნდა იყოს მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოდიოდნენ ყველაზე მაღალი კვალიფიკაციის ახალგაზრდები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი იმისთვის, რომ სამინისტრო განვითარდეს სწრაფად და ეფექტიანად.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვიწყებთ 1200 გამომძიებლის გადამზადებას სისტემაში. ეს არის ჩვენთვის ხარისხობრივად ახალი ნაბიჯი. მოგეხსენებათ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში კრიმინალური პოლიციის და განსაკუთრებით საგამოძიებო კომპონენტის მხრივ არაფერი გაკეთებულა. ჩვენ პირველ ნაბიჯს ვდგამთ ამ მიმართულებით და ხაზგასმით მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა რაც გვაქვს პარტნიორ უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მადლობა ჩვენს ამერიკელ კოლეგებს, ევროპელ პარტნიორებს, იმისთვის, რომ მთლიანად სისტემური განახლების ფარგლებში გვიდგანან გვერდში. ჩვენთვის ღირსების საგანია, რომ ეს რეფორმა მივიყვანოთ ბოლომდე.
პირველ რიგში თითოეულ პოლიციელს მინდა მადლობა გადავუხადო, რომ მათი ყოველდღიური შრომა და მოღვაწეობა გარდა იმისა რომ უნდა იყოს ეფექტიანი, ასევე უნდა იყოს ღირსებით სავსე. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც უზრუნველყოფენ, ზრუნავენ და პასუხისმგებლობას იღებენ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ღონისძიებას არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
1200-მდე მოქმედი გამომძიებელი, საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში, ეტაპობრივად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სპეციალურ კურსს გაივლის და კვალიფიკაციას აიმაღლებს. გადამზადების პროცესში ჩართულნი არიან პროკურორები, მოსამართლეები და ექსპერტ-კრიმინალისტები. პროგრამა თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკულ კომპონენტსაც მოიცავს და სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებს ეფუძნება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრენერი-გამომძიებლები სპეციალური კონკურსის გზით შეარჩია. ტრენერებმა მომზადების კურსი გაიარეს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში სისტემური განახლება მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სწორედ კრიმინალური პოლიციის რეფორმა და საგამოძიებო მიმართულების გაძლიერებაა.