ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებს ეწვია. გიორგი გახარიამ, ომის ვეტერანებთან ერთად, შინდისის გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 17 გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო.
ვიცე-პრემიერმა ვეტერანებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ყველას, ვინც ამ მიწაზე ქვეყნის ერთიანობისთვის იბრძოლა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთლიანად სახელმწიფო ყოველთვის დაიცავს.
"კითხვის ნიშანი, ომი ვინ დაიწყო - აბსურდულია. როგორ შეიძლება, ომი დაიწყო საკუთარ მიწაზე? ეს ადამიანები არიან გმირები და იბრძოდნენ საკუთარი მიწა-წყლის დასაცავად. იცოდეთ, რომ ოკუპაციას უნდა დაერქვას "ოკუპაცია" და ეს ხალხი, ვინც აქ იბრძოდა, მათ უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფო მუდამ გვერდში დაუდგება. მესმის, რომ მძიმეა, მაგრამ სიწყნარეში, სიმშვიდეში ქვეყანა წინ უნდა წავიყვანოთ. მადლობა და გული არ გაიტეხოთ, იცოდეთ, რომ სახელმწიფო მუდამ თქვენ გვერდით დგას.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იმდენი ემოციური, აბსოლუტურად რეალობას მოწყვეტილი რამ იყო ნათქვამი იმ ხალხთან დაკავშირებით, რომლებიც 2008 წელს საქართველოსთვის თავს სწირავდნენ, რომ ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ჩავთვალეთ, ამ ხალხს გვერდში დავდგომოდით. ჩამოვედით, რათა, პირველ რიგში, იმ პოლიციელებს, რომლებიც იბრძოდნენ და ყველა სამხედროს, ვინც აქ იბრძოდა, ოფიციალურად ვუთხრათ: რეალობას არის მოწყვეტილი იდეები, რომ ადამიანს, რომელმაც სიცოცხლე გასწირა, ქვეყნის ერთიანობისთვის იბრძოლა, შეიძლება, რაღაც რისკები გაუჩნდეს. თითოეულ ამ ადამიანს, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უწყებები ყოველთვის გვერდში ედგება, დაიცავს მათ უფლებებს, ასევე, ყველა იმ საკითხში, რომელიც დღეს ესაჭიროებათ, მათ გვერდით ვიქნებით.
გადავწყვიტეთ, რომ სწორედ აქ მოვსულიყავით ვეტერანებთან ერთად, 2008 წლის ომის ვეტერანებთან, როგორც პოლიციელებთან, ასევე, სხვა დანაყოფების წარმომადგენლებთან. ჩვენ გვესმის, რომ ამ ხალხისთვის ეს საოკუპაციო ხაზი არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა და ქვეყნის ერთიანობა დღეს არის ჩვენი საერთო მიზანი. ჩვენ თითოეულ მათგანს, თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ პოლიციელს ყოველთვის დავიცავთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შინდისში ღონისძიებას შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორი - გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
დღესვე, გიორგი გახარიამ, სამინისტროს სხვა ხელმძღვანელებთან ერთად, სოფლების - ახალსოფლისა და ზემო ნიქოზის პოლიციის განყოფილებები და ზემო ნიქოზის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგუშაგო მოინახულა.
შინაგან საქმეთა მინისტრი ახალსოფლისა და ზემო ნიქოზის მოსახლეობასაც შეხვდა და უსაფრთხოების კონტექსტში მათთთვის არსებულ გამოწვევებს გაეცნო.