შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ და ევროპის დღეების ფარგლებში, თბილისში სამოყვარულო ველოგარბენი - „გზა ევროკავშირისკენ“ გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
ველოგარბენის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. გარბენმა სტარტი ვაკის პარკიდან აიღო და ი.ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირების გავლით, თავისუფლების მოედანზე დასრულდა. ღონისძიებაში მონაწილეობდა 200-მდე მოყვარული ველომრბოლელი, მათ შორის, შს სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები.
ორგანიზატორებმა სიმბოლურად გამოავლინეს სხვადასხვა ნომინაციის ექვსი გამარჯვებული, რომლებსაც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ დაწესებული პრიზები, ველოსპორტისთვის საჭირო აქსესუარები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული, ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.