საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰაიდი გრაუსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ისაუბრეს შვეიცარიის კონფედერაციის შესაბამის უწყებებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა უახლოეს მომავალში შვეიცარიის იუსტიციისა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელის - კარინ კელერ-ზუტერის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და აღნიშნულის გათვალისწინებით არსებული გამოწვევები.
ვახტანგ გომელაურმა ელჩს საქმიანობაში წარმატებები უსურვა და მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი შვეიცარიის მტკიცე მხარდაჭერისთვის.