შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ქვეყანაში დაწყებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი საპოლიციო ინფრასტრუქტურის მასშტაბური მშენებლობებისა და სარემონტო სამუშაოების განხილვა.
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე და მინისტრის მოადგილეები: გიორგი ბუთხუზი, ალექსანდრე დარახველიძე და იოსებ ჭელიძე დაესწრნენ. სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების და ყველა იმ დანაყოფის ხელმძღვანელები, რომლებიც მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავენ.
ვახტანგ გომელაურმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ დაგეგმილია პოლიციის შენობების და ბაზების რეაბილიტაცია და ერთიან, ევროპულ სტანდარტში მოქცევა. ვახტანგ გომელაურმა ასევე ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით პოლიციელებისთვის თბილისში დაგეგმილი "პოლიციის ქალაქის" მშენებლობის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავრობასთან კოორდინაციით უკვე დაწყებული აქვს მუშაობა 1000-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტზე. აღნიშნული პროექტი განხორციელდება საბურთალოს რაიონში, ჯიქიას ქუჩაზე, სადაც ამ დრომდე განთავსებული იყო პოლიციის სპეცდანიშნულების ბაზა.
"მსურს, შევეხო ბატონი პრემიერის მიერ დაანონსებულ ბინათმშენებლობის თემას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს, სწორედ მისი ინიციატივითა და მხარდაჭერით დაიწყო ეს პროექტი და დარწმუნებული ვარ, ბოლომდე მივიყვანთ. ვიცით, რომ პირველ ეტაპზე საუბარი იყო 1000 ბინაზე. ყველა პოლიციელისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იქნება მხოლოდ პირველი ეტაპი, ვფიქრობთ, პროექტი შემდგომ წლებში კიდევ გაგრძელდეს," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა დანაყოფების ხელმძღვანელებისგან მოისმინა ის კონკრეტული საჭიროებები და საკითხები, რომელთა საფუძველზეც საპოლიციო ინფრასტრუქტურული პროექტები დამუშავდება და გარკვეულ ვადებში გაიწერება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე დამატებით აღნიშნა, რომ პოლიციელებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა და სოციალური გარანტიების შექმნა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მთავრობასთან კოორდინაციით დაგეგმილი პროექტების მთავარი მიზანი კი მოსახლეობისთვის საპოლიციო მომსახურების ხარისხის და ყველა თანამშრომლისთვის სამუშაო პირობების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებაა.