შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი - ვახტანგ გომელაური პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოხსენებით წარდგა.
ვახტანგ გომელაურმა ვრცლად ისაუბრა სამინისტროს მიღწევებსა და პანდემიის პირობებში დაძლეულ გამოწვევებზე. მისი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წელს საგანგებო რეჟიმში იმუშავა, უწყების თანამშრომლები იცავდნენ წესრიგს, უსაფრთხოებას, ადამიანის უფლებებს, ებრძოდნენ კრიმინალს, სტიქიებს, ხანძრებს და ამ ყველაფერთან ერთად, პანდემიას.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, სამართალდამცველთა მუშაობის შედეგად, გასულ წელთან შედარებით, დანაშაული 10 პროცენტით შემცირდა.
ვახტანგ გომელაურმა ასევე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში გაგრძელდება ავტოპარკის განახლება, როგორც საპატრულო პოლიციაში, ასევე, კრიმინალური პოლიციის რეგიონულ დანაყოფებში. მნიშვნელოვნად განახლდება პოლიციელების შეიარაღება, რაც წლების განმავლობაში მასშტაბურად არ განხორციელებულა. გაუმჯობესდება და განახლდება დანაყოფების რადიოკავშირის საშუალებები, რაც ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ასევე, გაგრძელდება პოლიციელების მაღალი ხარისხის ფორმის ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით უზრუნველყოფა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე "საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოცხადებისთვის წარდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას," კენჭისყრის შედეგად, კომიტეტების წევრმა დეპუტატებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს.